ცნობილი ჟურნალისტი, ვლადიმირ ყარა-მურზა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მიმართავს, რათა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მისი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე და დაისაჯონ სავარაუდო დამნაშავეები, რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები: რომან მეზენცევი, ალექსანდრ სამოფალი, კონსტანტინ კუდრიავცევი და ვალერი სუხარევი.
ყარა-მურზას ამ განცხადებას წინ უძღოდა Bellingcat-ისა და The Insider-ის გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2015 და 2017 წლებში ჟურნალისტის მოწამვლის საქმესთან კავშირი უნდა ჰქონოდა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს.
დამოუკიდებელ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ თანამშრომლები, რომლებიც მოწამვლამდე შარშან ალექსეი ნავალნის უთვალთვალებდნენ, მანამდე, 2015 და 2016 წლებში, ასევე სისტემატურად უთვალთვალებდნენ კრემლისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის, ვლადიმირ ყარა-მურზას გადაადგილებასაც. ამ პერიოდში ყარა-მურზა მოწამვლის სიმპტომებით ორჯერ მოხვდა საავადმყოფოში.
პირველად ვლადიმირ ყარა-მურზა უმცროსი 2015 წლის 26 მაისს აღმოჩნდა მოსკოვის საავადმყოფოში თირკმლების უკმარისობის გამო, რამაც მისი კომაში ჩავარდნა გამოიწვია.
ვლადიმირ ყარა-მურზა უმცროსი, მიხაილ ხოდორკოვსკის, კრემლის ოპონენტის მიერ დაარსებული რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრია.
ორგანიზაცია დაარსების დღიდან, 2014 წლიდან, სულ უფრო აფართოებს პროგრამებს აშშ-ში, ევროპასა და რუსეთში. ფონდის საქმიანობა მიმართულია რუსეთთან დაკავშირებით ეფექტიანი და მდგრადი დასავლური პოლიტიკის ფორმირებისკენ.