თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლია

"სამწუხაროდ, სავალდებულო ჯარი გავლილი არ მაქვს - თავი არ ამირიდებია, ეს განპირობებული იყო იმით, რომ ოჯახი 17 წლის ასაკში შევქმენი, შემეძინა შვილი და 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა", - თქვა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც სავალდებული პროცედურაა ახალი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობამდე, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის კითხვის პასუხად.

საკომიტეტო მოსმენისას ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ჯარში არის გადინება და რაც დრო გადის, ჯართან მიმართებით პოპულარიზაცია ნაკლებია. მისივე თქმით, ასეთი ტენდენცია არის მსოფლიოს მასშტაბით.

"თუმცა 2020 წელი იყო პირველი წელი, როცა გადინება გაჩერდა", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, რომელიც 2019 წლიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, საქართველოს საელჩოში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბანკ ქართუსა და სტანდარტ ბანკში. ღია წყაროების მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძეს ჰყავს მეუღლე, რომელიც ოჯახის შექმნისას ასევე არასრულწლოვანი იყო და 8 შვილი.

რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატის ქონებას, 2020 წლის მაისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის საკუთრებაშია თბილისში ერთი ბინა და 3 საცხოვრებელი სახლი.

ჯუანშერ ბურჭულაძის განათლება კი ასეთია:

  • საქართველოს ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტი (1994-1998);
  • ქ. ოქსფორდის (Swan) სკოლა; ინგლისური ენის კურსები (1999)

პრემიერობის კანდიდატის და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა 22 თებერვალს უნდა მიიღოს.

ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა და მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გიორგი გახარიამ 18 თებერვლის დილას თქვა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებდა გუნდში აზრთა სხვადასხვაობის გამო, რაც ნიკა მელიას დაპატიმრებაზე მსჯელობისას გამოიკვეთა. იმავე დღეს მან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და თავად პარტია დატოვა, მმართველმა გუნდმა კი პრემიერობის კანდიდატად მოქმედი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 19 თებერვალს თავისი სამთავრობო შემადგენლობა გააცნო საზოგადოებას - ახალ მინისტრთა კაბინეტში ფაქტობრივად ყველა მოქმედი მინისტრი ხვდება, მთავრობას ტოვებს მხოლოდ ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე ცვლის. ყოფილი მოადგილე დაიკავებს მთავრობის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში მაია ცქიტიშვილის ადგილს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ირაკლი ქარსელაძეა დასახელებული.

საერთაშორისო პარტნიორები და ოპოზიცია მთავრობას დიალოგისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ და ქვეყანაში არსებულ კრიზისზე საუბრობენ.