თალიბანი თავის წევრებს მოუწოდებს, არ გადაიბირონ უცხოელი მეომრები

თალიბანმა თავის წევრებს მოუწოდა, თავი აარიდონ უცხოელი მეომრების გადაბირებას და შეფარებას, იმ ფონზე, როცა არსებობს ეჭვები ექსტრემისტული ჯგუფის მიერ აშშ-სთან გასულ წელს მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებაზე. ამ შეთანხმებით, თალიბანმა ალ-ყაიდის მსგავს ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირი უნდა გაწყვიტოს.

"ყველა მეთაურმა და მუჯაჰედინმა თავი უნდა აარიდოს განურჩეველ ნაბიჯებს მათ რიგებში უცხოელების მოსაწვევად ან შესაფარებლად", - ამბობს თალიბანი 23 თებერვლით დათარიღებულ განცხადებაში.

თალიბანი თავის მეომრებს აფრთხილებს, რომ პირს, რომელიც ამას შეეცდება, ჩამოაცილებენ დავალებისგან, მათ დაჯგუფებას დაშლიან და საკითხი "გადაეცემა სამხედრო საქმეების კომისიას, შემდგომი სასჯელისთვის".

აშშ-სა და თალიბანს შორის გასული წლის თებერვალში მიღწეული შეთანხმებით, ავღანეთი მაისამდე უცხოეთის ყველა სამხედრომ უნდა დატოვოს, თალიბანის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების, მათ შორის, ალ-ყაიდასთან კავშირის გაწყვეტის და უცხოელი ტერორისტების შეფარების შეწყვეტის სანაცვლოდ.

თუმცა თალიბანს ავღანეთის და აშშ-ის ოფიციალური პირები აკრიტიკებენ ტერორისტულ ჯგუფებთან, განსაკუთრებით ალ-ყაიდასთან კავშირების შენარჩუნებისთვის. თალიბანი ამ ბრალდებებს უარყოფს.

გაეროს სადამკვირვებლო ჯგუფის მიერ გასულ თვეში გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ავღანეთის 11-მდე პროვინციაში ალ-ყაიდის 200-დან 500-მდე მებრძოლი იმყოფება.