„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების შეთანხმების გარეშე დასრულებაში ოპოზიციის დადანაშაულება უსამართლო იქნება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან „ლელოს“ სახელით განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციის ლიდერები სრული შეთანხმების და გადატვირთვის მიღწევის სულისკვეთებით მივიდნენ:
„ვერ დავადანაშაულებ ოპოზიციას იმიტომ, რომ ის შინაარსი, ის სავარაუდო შეთანხმების შინაარსი, რაც მაგიდაზე დაიდო, ვერ იქნებოდა მისაღები ჩემთვის, ან მამუკა ხაზარაძის ან რომელიმე სხვა პარტიისთვის კი არა, ამ ქვეყანას ვერ გააღვიძებდა უფრო ევროპული პერსპექტივის საქართველოში, ვერ გამოიყვანდა საქართველოს გაძლიერებულს. ამიტომ მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ,რომ ვერ დავადანაშაულებ ოპოზიციას, პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად მოიქცა ოპოზიცია, როდესაც ამ შეთანხმებაზე თქვა, რომ იგი მისაღები არ არის.
მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი არჩევნების ჩატარება ახალი სისტემით, მაგრამ სხვა პუნქტები, რომლებიც ამ შეთანხმებაში არის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ მუდმივად კრიზისში არ ვცხოვრობდეთ. მაგალითად, სასამართლოსთან მიმართებაში, რაც დევს მაგიდაზე ეს არ არის სასამართლოს სრულყოფილი რეფორმა, სრულყოფილი კი არა ნახევარი რეფორმაც არ არის", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში". მან თქვა, რომ შეთანხმების რესურსს ამოწურულად არ მიიჩნევს იმიტომ, რომ ხედავს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების განგრძობად ძალისხმევას დაეხმაროს საქართველოს კრიზისის მოგვარების პროცესში.
წუხელ, თბილისში ისევ უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის მედიაციით, "ქართული ოცნების" და ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.
12-18 მარტის პირველი უშედეგო ეტაპის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში 27 მარტს დაბრუნდა, მხარეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა და 30 მარტს ხელმოსაწერად შესთავაზა კონკრეტული დოკუმენტი.
ასევე ნახეთ
ევროკავშირის მედიატორი კრისტიან დანიელსონი აქვეყნებს წინადადებას, რომელიც მან დღეს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზაროგორც დანიელსონმა თქვა, წინადადებები ეხებოდა საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს, ძალაუფლების გადანაწილებას განსაკუთრებით პარლამენტში და საკვანძო პოლიტიზებულ სასამართლო საქმეებსა და ადრეულ არჩევნებზე გაგრძელებული დებატების დასრულებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს წინადადებები არ მიიღო.