საქართველოში გაიხსნა კორონავირუსის გამო დაკეტილი თეატრები და კინოთეატრები

დღეიდან, 1 აპრილიდან საქართველოში მოიხსნა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა.

პრევენციული ზომების დაცვით მუშაობის განახლება შეუძლიათ თეატრებს, კინოთეატრებს და საბავშვო გასართობ ცენტრებს.

ასევე ნახეთ

კინოთეატრების ქსელში ფილმების ჩვენება 8 აპრილიდან დაიწყება

რამდენიმე თეატრი კორონავირუსის ეპიდემიის გამო გასული წლის გაზაფხულის შემდეგ პირველად გახსნილ სეზონს პრემიერებით აღნიშნავს. მარჯანიშვილის თეატრის საპრემიერო სპექტაკლია დოსტოევსკის "დანაშაული და სასჯელი", რომლის ჩვენება 3 აპრილიდან დაიწყება. 3 აპრილიდან სპექტაკლის "ჰამლეტი/მანქანა" პრემიერაა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრშიც.

სეზონს 2 აპრილს გახსნის რუსთაველის თეატრი ახალი სპექტაკლით "ერთხელ... მხოლოდ". 2 აპრილიდან ქუთაისის მესხიშვილის თეატრი მაყურებელს შესთავაზებს ახალ სპექტაკლს, ლუის კეროლის ნაწარმოებს "ელისი საოცრებათა ქვეყანაში". 2 აპრილიდან ბულგაკოვის "ივან ვასილევიჩის" პრემიერაა გრიბოედოვის თეატრში. 2 აპრილს თელავის თეატრი წარმოადგენს მისი დასის და თავისუფალი თეატრის ერთობლივ პრემიერას "როცა ძალიან მოგენატრები".

იმის გამო, რომ საღამოს ცხრა საათიდან საქართველოში მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი, თეატრები მუშაობას ტრადიციულ დროზე - საღამოს შვიდ-რვა საათზე რამდენიმე საათით ადრე დაიწყებენ.