თურნავა: მიზეზი, რაც იწვევდა "ნამახვანთან" დაკავშირებულ წუხილს, მოხსნილია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ის მიზეზი, რაც იწვევდა „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წუხილს, მოხსნილია. მისი თქმით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას. მინისტრის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ნათია თურნავას თქმით, ჰესის მშენებელი კომპანია „ენკა“, დღეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.

„მსურს მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს - ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად მოხსნილია. კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს“.

მინისტრის თქმითვე, დაწყებულია ღია დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირსა და ექსპერტთან და გახსნილია ყველა კვლევა, რაც წლების მანძილზე აქვს მომზადებული კომპანიას:

„მზად ვართ, თითოეულ ამ კვლევაზე ვისაუბროთ - რა კითხვები არსებობს, როგორ გავაუმჯობესოთ საჭიროების შემთხვევაში და ვიდრე არ გვექნება სრული გარანტიები და ეს გარანტიები არ იქნება ცნობილი მოსახლეობისთვის, ვიდრე არ დავარწმუნებთ მათაც, რომ „ნამახვანი ჰესის" კაშხალი არის რეალურად უსაფრთხო, რაშიც ჩვენ ვართ დარწმუნებულები, მაგრამ გვინდა, რომ მეტი ნდობა შეიქმნას მოსახლეობაში. მანამდე კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება“.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები გაიმართა ქუთაისშიც.

4 აპრილს გაიმართა აქცია სოფელ გუმათში, სადაც ორი დღეა პოლიციას აქვს ბლოკირებული სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გუმათში კარავი გაშალეს და განაცხადეს, რომ იქ დღეიდან პროტესტის მეორე კერა გაჩნდება.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით კომპანიის თურქი დირექტორი ქართველით შეიცვლებოდა.