დიღმის ჭალების ტრაგედია

ბოლო ორი წლის განმავლობაში დიღმის ჭალები ნაგვის გროვებში ჩაეფლო. ჭალის ფართი 190 ჰექტარია, აქედან 67 ჰექტარი კერძო საკუთრებაა, დანარჩენი 123 ჰექტარი კი სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. შედარებისთვის, თბილისში თავისუფლების მოედნის ფართობი დაახლოებით ჰექტარი და ნახევარია.

5 აპრილს ადგილობრივმა აქტივისტებმა, რომლებიც დიღმის ჭალების გადასარჩენად იბრძვიან, თბილისის სასამართლოს მიმართეს. ისინი მერიისგან ითხოვენ, მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან ნაგავი გაიტანოს.

დიღმის ჭალები თბილისის შუაგულში არსებული უნიკალური ეკოსისტემაა, თავისი ხეებით, პატარა ტბებით და წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებით. მაგრამ ეს ყველაფერი ახლა თითქმის განადგურებულია.

დიღმის ჭალებში კარიერული სამუშაოებიდან მოპოვებულ ქვა-ღორს ზედ ჭალაში ყრიდნენ, რის გამოც ახლა ტყის ნაცვლად ქვების მთებია წარმოქმნილი. კარიერული სამუშაოები აქტივისტებმა შეაჩერეს, თუმცა ტყესა და ტბების ნაპირებიდან ნაგავი არავის გაუტანია.

ჭალაში სატვირთო მანქანებით იყრებოდა სამშენებლო ნაგავი. აქტივისტი ანა ტრაპაიძე ეჭვობს, რომ ნაგავს ტბებსა და ტყეებში მიზანმიმართულად ყრიდნენ, რომ შემდეგ ეს ტერიტორია მოესწორებინათ და მშენებლობისთვის გამოეყენებინათ.

„ადრე თევზიც მეტი იყო და ტბაც. ახლა ტბები სულ ამოავსეს. არ ვიცი რას აკეთებენ... ხანდახან წავებს ვხედავ. ლერწმის ღეროების დააქვთ აქეთ-იქით“, - ამბობს გრიგოლი, რომელიც აქ სათევზაოდ მოვიდა.

გარდა წავებისა, დიღმის ჭალებში არის ჭაობის კუ და ხმელთაშუაზღვეთის კუ, ასევე ყანჩა და ცისფერი ალკუნი.

ნაგავი ჭალაში რამდენიმე მეტრის სიმაღლეს აღწევს, რამაც დიდი ტერიტორიაზე ყველაფერი გაახმო, მათ შორის დიდი ხეებიც.

ჭალებს სისტემატურად ასუფთავებენ აქტივისტები, რომლებსაც სურთ ამ ადგილას პარკი გაშენდეს, მაგრამ დანაგვიანების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე ისინი სურათის შეცვლას ვერ ახერხებენ.