თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიას საქმის განხილვას დღეს გააგრძელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე უნდა განახლდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვა. დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრება თავად მელია, რომელიც სხდომიდან გაძევებულია სასამართლოსადმი უპატივცემულობის მოტივით. საქალაქო სასამართლოში 13 აპრილს გამართულ, წინა სხდომაზე ნიკა მელიამ მონა უწოდა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული შეთანხმება, რომელსაც ხელი 19 აპრილს მოაწერეს "ქართულმა ოცნებამ" და პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. ამ შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტით:

"ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება".

საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია ამნისტიის ორი კანონპროექტი. ერთი "ქართულმა ოცნებამ" მოამზადა, ხოლო მეორე "მიშელის დოკუმენტზე" ხელმოწერის შემდეგ პარლამენტში 27 აპრილს შესულმა ოპოზიციამ.

ასევე ნახეთ

ამნისტია - მელიასთვის თუ მელიას წინააღმდეგ?

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო, 30 000 ლარი, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა.

გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში არ გადაიხადა, დამატებით ერთ კვირას აძლევს. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ უსამართლო გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა ბრალდების მხარეს სასამართლოსგან მოეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს პატიმრობით შეცვლა. 16 თებერვალს, პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა.

17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და გადაწყვეტილების აღსრულება შსს-ს დაავალა.

შსს ნიკა მელიას დაპატიმრებას 18 თებერვალს გეგმავდა, თუმცა გადადო მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს შორის.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე, 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა ოპოზიციური პარტიის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს.