მანევრების დროს ბულგარეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელი დაიკარგა

ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი, მიგ-29, მანევრების დროს საწვრთნელი გაფრენის დროს რადარებიდან გაქრა.

ინციდენტი მოხდა 9 ივნისს, ადრე დილით, როცა თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე იმყოფებოდა.

როგორც ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მათში ჩართული არიან საჰაერო და საზღვაო ძალების, ასევე სასაზღვრო პოლიციის ძალები. ადგილზე მივიდა თავდაცვის მინისტრი, გეორგი პანაიოტოვი. მანევრები დროებით შეწყდა. დაკარგულ თვითმფრინავში ერთი მფრინავი იმყოფებოდა.

მიგ-29 საბჭოთა კავშირში შეიმუშავეს 1970-იან წლებში.

მისი განახლებული ვერსიები კვლავ შეიარაღებაში აქვთ რუსეთს, ინდოეთსა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ნაწილს. მისი მოდიფიცირებული ვერსიები ბაზარზე კვლავ გამოდის, მაგრამ მორალური სიძველის გამო მოთხოვნა მასზე ნაკლებია.