Ryanair-ის გენერალური დირექტორი: მინსკში კომპანიის მფრინავებზე ზეწოლა განხორციელდა

უცნობი პირები, რომლებსაც ვიდეოკამერები ეჭირათ, შეეცადნენ მინსკში დასმული Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის მფრინავებისთვის ეთქმევინებინათ, რომ მათ ნებაყოფლობით მიიღეს დაჯდომის შესახებ გადაწყვეტილება. ამის შესახებ ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის, მაიკლ ო’ლირის განცხადება მოჰყავს Irish Independent-ს.

მისი სიტყვებით, ეს მოხდა მაშინვე, როგორც კი თვითმფრინავი აიძულეს, დამჯდარიყო. თვითმფრინავში რამდენიმე ადამიანი შევიდა. ვინ იყვნენ ისინი, უცნობია. მფრინავებმა უარი თქვეს ეთქვათ ის, რასაც მათგან ითხოვდნენ.

მას შემდეგ, რაც მგზავრები და ეკიპაჟი აეროპორტში გადაიყვანეს, პირველი პილოტი დარჩა კაბინაში, საიდანაც სამხედრო ბადრაგის თანხლებით გაიყვანეს, თქვა ო’ლირიმ. მან „ამას ძალიან აგრესიული და მტრული საქციელი უწოდა“.

როგორც ო’ლირი აცხადებს, ჯერ კიდევ მიწაზე დაჯდომამდე ეკიპაჟი არაერთხელ ითხოვდა ვარშავაში ავიაკომპანიის მართვის ცენტრთან დაკავშირებას, მაგრამ ბელარუსის დისპეტჩერი ამბობდა, რომ ცენტრში სატელეფონო ზარს პასუხს არ სცემდნენ. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მან მთელს ინციდენტს უწოდა „საერთაშორისო ავიაციის ყველა არსებული წესის განზრახ დარღვევა“.

23 მაისს, ლუკაშენკას რეჟიმმა ბორტზე ბომბის არსებობის შეტყობინების საბაბით აიძულა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. ლაინერში იმყოფებოდა ოპოზიციონერი ბლოგერი რამან პრატასევიჩი. შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს.

ბელარუსის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბომბის შესახებ ცნობა მან მართლა მიიღო, პრატასევიჩსა და საპეგას კი მანამდე არ იცნობდნენ. ეს მტკიცებულებები არ დასტურდება დამოუკიდებელი წყაროებით. ევროკავშირის ქვეყნებმა ინციდენტი ხელისუფლების მიერ თვითმფრინავის გატაცებად შეაფასეს. ევროკავშირმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა ბელარუსის ავიაკომპანიებისთვის. არც ევროკავშირის თვითმფრინავები შედიან ბელარუსის საჰაერო სივრცეში.

მინსკში იძულებით დაჯდომის შემდეგ თვითმფრინავში პრატასევიჩისა და საპეგას გარდა არ დაბრუნებულა კიდევ სამი მგზავრი. ო’ლირის თქმით, სპეცსამსახურების თანახმად, ისინი კგბ-ს თანამშრომლები შეიძლება ყოფილიყვნენ.