თბილისში, პოლიციის შენობიდან „გადმომხტარი“ კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას ყველა სასაცოცხლო ორგანოზე აქვს დაზიანებები.
„მდგომარეობა კვლავ მძიმეა. შეიძლება ითქვას უმძიმესი, კრიტიკული, არასტაბილური ჰემოდინამიკით. კვლავ რჩება, რა თქმა უნდა, მართვით სუნთქვაზე“, - ამბობს მაია რეხვიაშვილი, "გერმანული ჰოსპიტლის" სამედიცინო დირექტორი.
საავადმყოფოში 46 წლის ლევან გაჩეჩილაძე 16 ივნისს გვიან ღამით გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ის წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობის მესამე სართულის აივნიდან, სავარაუდოდ, გადახტა.
ოფიციალური ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანის მომენტში კაცი კონტაქტური იყო.
მაია რეხვიაშვილის ვერ ადასტურებს, ემუქრება თუ არა პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე.
არაოფიციალური ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე პოლიციის განყოფილებაში ყოფილ ცოლთან ერთად გადაიყვანეს და მისთვის, სავარაუდოდ, შემაკავებელი ორდერი უნდა გამოეწერათ.
უცნობია, როგორ აღმოჩნდა გაჩეჩილაძე აივანზე. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
„გამოძიების დაწყებისთანავე, დაუყოვნებლივ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომლის ფარგლებში ამოღებულ იქნა გამოძებისათვის საინტერესო კვლები და ნიმუშები, რომლებზეც ამ ეტაპზე ინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები“, - აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.
საქმე 16 ივნისს აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
უწყების ინფორმაციით, მათთან შესული შეტყობინებით, კაცი პოლიციის სამმართველოდან გადახტა.