საფრანგეთში კვირას გამართულ რეგიონული არჩევნების პირველ ტურში, წინასწარი შედეგებით, ლიდერობენ საფრანგეთის მემარჯვენე პარტია „რესპუბლიკელები“ და მისი მომხრე პარტიები, რომლებიც IPSOS-ის კვლევის თანახმად ხმათა სულ მცირე 27%-ს აგროვებენ. 19%-ით მეორე შედეგი აჩვენა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ნაციონალურმა გაერთიანებამ“, წინა 2016 წლის ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით მას ამომრჩეველთა 7%-ით ნაკლებმა დაუჭირა მხარი. მაშინ არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენეებმა 27,7% მოიპოვეს.
კონკურენტებს ძალიან ჩამორჩება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის „წინ, რესპუბლიკა“, რომელიც, წინასწარი შედეგებით, მოსალოდნელზე უფრო ნაკლებ - ხმათა 11 %-ს აგროვებს.
პრეზიდენტის პარტიაზე უკეთესი შედეგები აქვთ ფრანგ სოციალისტებს - 16,5-17,5% და „მწვანეებს“ – 12-13%. უკიდურესი მემარცხენე პარტია „ქედუხრელი საფრანგეთი“ დაახლოებით 4%-ის იღებს.
რეგიონული არჩევნების პირველ ტურში რეკორდულად დაბალი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა - არჩევნებში მონაწილეობდა ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა დაახლოებით 35%.
საფრანგეთის რეგიონული არჩევნები, რომლის მეორე ტური ერთი კვირის თავზე, 27 ივნისს გაიმართება, მომავალ წელს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა განწყობის საზომს წარმოადგენს.