„ლევადა-ცენტრი“: რუსეთში სტალინი უფრო პოპულარულია, ვიდრე პუტინი

საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთში ყველაზე უფრო პოპულარულ ისტორიულ პიროვნებად რჩება. „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად ასე ფიქრობს გამოკითხულ რესპონდენტთა 39%; ხოლო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მაჩვენებელი, ბოლო ანალოგიური გამოკითხვიდან 4 წლის თავზე, 34%-დან ორჯერ შემცირდა და ამჟამად კრემლის ლიდერი, 15 %-ით, ისტორიულ პირთა სიაში მეხუთე ადგილს იკავებს.


რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეტანილი ავტორიტეტული „ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვის თანახმად, სტალინის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა ვლადიმირ ლენინი - მას ყველაზე უფრო გამოჩენილ პიროვნებად გამოკითხული რუსების 32% მიიჩნევს. შემდეგ მოდიან ალექსანდრ პუშკინი და პეტრე პირველი, რომელთა პოპულარობა 34% და 23%-დან, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, შესაბამისად, 29% და 19%-მდე შემცირდა.


ამავე დროს, 2017 წელთან შედარებით, როდესაც მსგავსი გამოკითხვა ჩატარდა, აკადემიკოს ანდრეი სახაროვს გამოჩენილ ისტორიულ პირად სულ უფრო მეტი მოქალაქე მიიჩნევს. სოციოლოგების თანახმად, ოთხი წლის წინანდელი 2%-დან ეს რიცხვი 7%-მდეა გაზრდილი.