საქართველოში „კომენდანტის საათის“ გაუქმების შემდეგ, რესტორნები, კაფეები და კლუბები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ღამის 11-დან დილის 4 საათამდე მოქმედი „კომენდანტის საათი“ პირველ ივლისს მოიხსნება.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 2020 წლის ნოემბრის ბოლოს დახურულმა კვების ობიექტებმა 2021 წლის თებერვალში მუშაობა განაახლეს მხოლოდ ღია სივრცეებში, გარდა შაბათ-კვირისა. მარტიდან გაიხსნა დახურული სივრცეებიც, სადაც სტუმრების მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ სამუშაო დღეებში. 17 მაისს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კაფეებსა და რესტორნებს მისცა შაბათ-კვირას სტუმრების ღია სივრცეში მასპინძლობის უფლება, 25 მაისს კი, უქმე დღეებში დახურულ სივრცეში სტუმრების მიღების აკრძალვაც გააუქმა. 1 ივნისიდან, კვების ობიექტების დახურული სივრცეები უქმე დღეებშიც მუშაობდნენ.