განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მაგივრად სკოლა აშენდა და ისიც ინგრევა

2019 წლის 18 იანვარს საქართველოს ხელისუფლებამ და თბილისის მთავრობამ დიდ დიღომში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის პროექტი წარუდგინეს საზოგადოებას, დიდი ღონისძიება გამართეს და სიმბოლურად საძირკველში კაფსულაც ჩადეს. პროექტის პრეზენტაციიდან ორი წლის შემდეგ, კომპლექსში შემავალი სკოლის შენობას ბზარები აქვს, საძირკველში წყალი ჩადის და ნაგებობა ნგრევის საფრთხის წინაშე დგას.

განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის ბიუჯეტად თავიდან 20 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული, თუმცა მისი აშენება საბოლოოდ უფრო ძვირი დაჯდა. სკოლაში 1300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. სკოლის ყოფილი დირექტორი კი სასამართლოში ცდილობს დაამტკიცოს, რომ კანონის დარღვევით გაათავისუფლეს თანამდებობიდან იმის გამო, რომ მშენებლობის დროს არსებულ ხარვეზებზე ხმამაღლა საუბრობდა.



2021 წლის 23 ივნისს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 186-ე სკოლის შენობის ინსპექტირებისას, განათლებისა და მეცნიერების ქალაქში რამდენიმე ათას ბავშვზე გათვლილ ახლად აშენებულ ნაგებობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და პრობლემების გრძელი სია ასე გამოიყურება:

  • ფასადის კედლები დაბზარულია თითქმის ყველა ბლოკში, არის ადგილები, სადაც კედლებიდან ცვივა ნალესი.
  • კომპიუტერების ოთახში, სასადილოში, ბიბლიოთეკაში, საკონფერენციო და სააქტო დარბაზებში, ასევე C ბლოკის შესასვლელში ჩადის წყალი, ფანჯრები არასწორად არის დამონტაჟებული და აზიანებს ჭერს.
  • არ მუშაობს კარ-ფანჯრების საკეტები, სამღებრო სამუშაოები და კაფელის და მეტლახის ფილების მოწყობის სამუშაოები ჩატარებულია უხარისხოდ.
  • შესასვლელთან დაზიანებულია ასფალტის საფარი, კიბეს გამოცლილი აქვს ძირი, ჩავარდნილია საფეხურები, დაზიანებულია მოაჯირი.
  • C ბლოკთან წყალსაწრეტი მილიდან ჩამოსულ წყალს არ აქვს გასასვლელი და წყალი ჩაიჟონება პანდუსის და შენობის საძირკველში.
  • დაზიანებულია სავენტილაციო შახტების ქუდები, რაც იწვევს შენობაში ქარის შემოსვლას და ამსტრონგის [ჭერის ნესტგამძლე] ფილების მოძრაობას.
  • სპორტდარბაზის საშხაპეებში იატაკს არ აქვს დახრები ტრაპების მიმართულებით და წყალი იჟონება დერეფნის იატაკზე.
  • საკონფერენციო დარბაზის სავენტილაციო მილები არ ფუნქციონირებს რადგან არ არის სადენები მიყვანილი ძრავებამდე.
  • C ბლოკის უკანა შემოსასვლელის სახურავზე ჩამოვარდნილი და დაზიანებულია წყალსაწრეტი მილები.
  • დირექციის ოთახში დაზიანებულია ვინილის იატაკები.
  • D ბლოკთან თაღის საძირკვლის ქვეშ დამჯდარია გრუნტი და ბეტონის სარინელი არის ჰაერში. იგივე მდგომარეობაა F ბლოკის შემთხვევაშიც.
  • ბლოკის სახურავზე არსებული ჩილერის ავტომატი ცხელდება და იწვევს ავარიულ გამორთვას.
  • E ბლოკში ფასადის კედლებიდან შემოდის წყალი.
  • F ბლოკის სავენტილაციო შახტიდან ჩამოდის წყალი დიდი რაოდენობით.
  • სახანძრო სისტემის ფარს არ აქვს დამიწება, გაუმართავია სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.
  • H ბლოკში ჩამოდის წყალი, რაც აზიანებს კედლებს და იატაკს.
  • I ბლოკის საევაკუაციო კარიდან შემოდის წყალი და ზიანდება ვინილის იატაკი.
  • საქვაბეში წყალი გასდის ცივი წყლის წნევის დამგდებს. არ ფუნქციონირებს საქვაბესთან არსებული სანიაღვრე ჭები და წვიმის დროს ხდება წყლის დაგუბება.
  • შიდა კარის საკეტები დამონტაჟებულია უხარისხოდ და ხშირად გამოდის მწყობრიდან, რის გამოც, დირექტორის მონაყოლით, ბევრჯერ ჩაიკეტა მოსწავლე.

მშენებლობა ხარვეზებით კომპანია „დაგმა” აწარმოა და ის 21 445 882.12 ლარი დაუჯდა სახელმწიფოს. ამ დროისთვის ჯერ კიდევ მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვადა და მის ფარგლებში კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია, გამოასწოროს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, თუმცა არსებობს პრობლემები, რომელსაც კონტრაქტორი ვერ გამოასწორებს და სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევას ითხოვს.

კერძოდ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში ვარაუდობენ, რომ შენობის შიდა და გარე კედლების დაბზარვა, ასევე კიბეების და სარინელის ქვეშ არსებული გრუნტის დაჯდომა შესაძლებელია გამოწვეული იყოს იმით, რომ იქვე გაედინება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბალანსზე რიცხული ორი ცალი მაგისტრალური წყალსადენი.

საპროექტო დოკუმენტაციაში ჩანს წყლის მილებსა და სკოლას შორის დაშორება

როცა დიდ დიღომში სახელმწიფომ განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა დაიწყო, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” წერილობით გააფრთხილა პროექტის ავტორები, რომ წყალსადენების ქსელის გარშემო ტერიტორია გაზრდილი რისკის ზონა იყო და თუკი იქ სკოლა მაინც აშენდებოდა, აუცილებელი იყო წყალამრიდი ჯებირისა და სადრენაჟე არხის მოწყობა შენობა-ნაგებობისთვის, რათა თავიდან აეცილებინა ზარალი, რაც ქსელის შესაძლო დაზიანებას შეიძლება მოჰყოლოდა.

წყლის კომპანიის 2019 წლის 29 ივნისსა და 10 ივლისს გაგზავნილი წერილები რეაგირების გარეშე დარჩა. ჯერ კიდევ მაისში კომპანია სახელმწიფოს აფრთხილებდა, რომ წესების დაცვა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის სავალდებულო იყო.

ახლა, 2021 წლის ივნისში, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო იძულებულია, დაგვიანებით შეასრულოს ეს რეკომენდაცია და 2021 წლის შემოდგომის სემესტრის დაწყებამდე უზრუნველყოს სკოლის გარშემო დრენაჟის მშენებლობა. ეს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დამატებით თითქმის ერთი მილიონი ლარის ხარჯია.

სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის საკურატორო სამშენებლო ინფრასტრუქტურის განვითარების დარგში პროექტების მართვის კოორდინატორის, ჭონიაშვილი მერაბის სამსახურებრივი ბარათი

186-ე სკოლის მშენებლობის პრობლემები უფრო მრავლისმომცველია, ვიდრე უხარისხოდ ნაგები შენობა საშიშ ადგილას. ამ სკოლის ყოფილი დირექტორი, მაია გრიგოლია რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მშენებლობა მერიასთან პროექტის შეთანხმების გარეშე დაიწყო და დასრულდა კიდეც ტერიტორიაზე, რომელიც სკოლას საკუთრებაში არ ჰქონდა გადაცემული. 2020 წლის შემოდგომის სემესტრისთვის მაია გრიგოლია სამინისტროს სთხოვდა, გადაეცათ სკოლისთვის ტერიტორია და მიეღოთ ექსპლუატაციაში ახალაშენებული ნაგებობა, სამინისტრო კი პასუხად მას სთხოვდა, მიეღო ათასზე მეტი მოსწავლე დარღვევებით ნაშენებ შენობაში, რომლის უსაფრთხოებაც დადგენილი არ იყო.

მაია გრიგოლიას წერილები

„მაშინვე ჩანდა, რომ ამ შენობას პრობლემები ექნებოდა”, - ამბობს მაია გრიგოლია, რომელიც შემოდგომაზე სკოლის დირექტორობიდან გაათავისუფლეს და დღეს სასამართლოში დავობს იმის დასამტკიცებლად, რომ მისი გათავისუფლება უკანონოდ მოხდა. ამ საქმეში საყურადღებოა ის, რომ ახალი დირექტორის დანიშვნას ემთხვევა სკოლისთვის მიწის გადაცემა.

სკოლის მშენებლობისას სამუშაოებს ხარისხის მონიტორინგისთვის ფარულად ათვალიერებდა იგივე სტრუქტურა, რომელმაც 2021 წელს უკვე ექსპლუატაციაში შესულ შენობაში ადვილად იპოვა პრობლემები და შენობა ნგრევის საფრთხის ქვეშ მყოფად შეაფასა. მშენებლობისას ფარული დათვალიერების არაერთ აქტში კი მშენებლობა ძირითადად დადებითად არის შეფასებული.

ნიადაგგამოცლილი სკოლის შენობა და კიბეები

დავით ფარცვანიამ, რომელიც განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობისას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობას იკავებდა 2020 წლის დასაწყისიდან, ეს პოსტი 2021 წლის 21 მარტს დატოვა და მოგვიანებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ახალ პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა.

თბილისის არქიტექტურის სამსახურში მშენებლობის ნებართვა სკოლის აშენებაზე მაშინ შევიდა, როცა მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებული იყო. 2020 წლის ივლისში სააგენტო ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე სკოლის ინვენტარით აღჭურვის ამსახველ ფოტოებს დებდა.

„მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი – "განათლებისა და მეცნიერების ქალაქი"-ს უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება”, - წერდა სააგენტო ერთი წლის წინ ამ შენობის მშენებლობის დასრულებისას.

დაბზარული კედლები შენობის შიდა და გარე სივრცეებში



ამ მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო კომპლექსთან”, რეალურად კი – 186-ე სკოლასთან მისასვლელი გზა მოუპირკეთებელი და მიუვალია - იქ არანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. ვინაიდან სკოლა დასახლებული ადგილიდან მოშორებულია, მოსწავლეებს მისვლა უსაფრთხოდ, განსაკუთრებით ავდრის დროს, მხოლოდ ავტომობილებით შეუძლიათ. სკოლის ყოფილი დირექტორი ამ გზის მოწესრიგებასაც ითხოვდა. სკოლის ახალი დირექტორი და სააგენტო გზის პრობლემაზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა რადიო თავისუფლების მიერ გადაღებულ ფოტოებში კარგად ჩანს, რა მდგომარეობაშია სკოლისკენ მიმავალი გზა.


186-ე სკოლის გვერდით „კომაროვის სკოლისთვის” შენდება ახალი შენობა. სამშენებლო სამუშაოების ტერიტორია სკოლიდან გამოყოფილი არ არის.

„სკოლის ეზო არ არის შემოღობილი და დაცული. ფაქტიურად სამშენებლო პოლიგონზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი”, - ამბობს მაია გრიგოლია. ის არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე მშენებლობასაც დასრულების შემდეგ იგივე პრობლემები გაუჩნდეს, რაც 186-ე სკოლას აქვს. წყლის კომპანიის მაგისტრალური წყალსადენი ამ მშენებლობასაც ესაზღვრება.

სამშენებლო პოლიგონის გვერდით, სკოლაში, რომელიც ექსპერტების შეფასებით ნგრევის საფრთხის წინაშე დგას და რომლის პრობლემების მხოლოდ ნაწილს მოაგვარებს წყალამრიდი ჯებირის და სადრენაჟო მილის მშენებლობა, სასწავლო წლის დაწყების შემდეგ დაწყებითი კლასების 1300-ზე მეტი ბავშვი დაბრუნდება. 2021 წლისთვის სკოლას, წესით, 7-10 კლასებიც უნდა მიეღო და თუ ასე მოხდა, 2021 წლის შემოდგომისთვის მოსწავლეების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს კიდეც.

კომპანია დაგი, რომელმაც სკოლის შენობა ხარვეზებით ააშენა, სახელმწიფო შესყიდვებში ხშირად მონაწილეობს და ხშირადაც იგებს. მხოლოდ 2021 წლის მაისის თვეში მას 10 მილიონზე მეტის სახელმწიფო ტენდერები აქვს მოგებული. შპს „დაგს” უკვეთავს მუნიციპალური განვითარების ფონდი პრემიერის ინიციატივის ფარგლებში „რეგიონების განახლებისთვის” დაგეგმილი პროექტების პროექტირებას და მშენებლობას ქუთაისის, ზუგდიდის, მესტიის, ფოთისა და სხვა არაერთი ქალაქისთვის. ამ კომპანიის აშენებულია ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ახალი შენობაც.