ოკუპირებული მემკვიდრეობა - რა მოსდის ძეგლებს ომის შემდეგ

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეს საკულტო დანიშნულების 151 ნაგებობა დგას. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში - ასეთი დაახლოებით, 556 ტაძარია.

ლაშქენდარის ეკლესია – ადრე შუა საუკუნეები, ქ. ტყვარჩელის მიდამოები

ომების შემდეგ, დადგენილი პირობითი საზღვრების მიღმა დარჩენილი ტაძრების (მათ შორის მრავალი ძეგლის სტატუსს ატარებს) დიდი ნაწილი ან უკვე დაინგრა, ან ახლა ინგრევა და სავალალო მდგომარეობაშია, ან რუსული ყაიდის ტაძრების სტილშია გადაღებილ- „რესტავრირებული“.

აი, მაგალითად, ეკლესია სოფელ ჭუბურხინჯში, 1992-1993 წლების რუსეთ-საქართველოს ომამდე:

და იგივე ეკლესია ომის შემდეგ:

ამ ტაძრების ძველი და ახალი ფოტოები (მათ შორის ნაწილი პირველად გამოქვეყნდა) ერთ წიგნად გაერთიანდა, რომლის სათაურია „ოკუპირებული მემკვიდრეობა“. ალბომზე მუშაობა და ძეგლებზე ინფორმაციის მოძიება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაახლოებით ოთხი წლის წინ დაიწყო და როგორც სააგენტოს დირექტორი, ზაზა ვაშაყმაძე შენიშნავს, ასე ეცადნენ საქართველოს ოკუპაცია და ანექსიის შედეგები ამ კუთხითაც ეჩვენებინათ.

ალბომში პირველად დაიბეჭდა ოკუპაციის შემდგომი პერიოდის ფოტომასალა, სადაც მრავალი საკულტო ნაგებობის დღევანდელი მდგომარეობაა ასახული. მათ გვერდითაა საარქივო ფოტოებიც, რაც შედარების საშუალებას იძლევა.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ზოგიერთი ტაძარი ძველი სახით ვეღარასოდეს აღდგება. იქ დღემდე გრძელდება უძველესი ქართული ტაძრების მისაკუთრების, მათი თვითნებური გადაკეთების, გადაღებვის, დაზიანებისა და განადგურების ტენდენცია.

ეკლესია – XIX ს. სოფ. ჩხორთოლი (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი)

წიგნის შესავალ ნაწილში ვკითხულობთ, რომ ეს განსაკუთრებით შეეხო – ცხინვალის რეგიონში: ნიქოზის, ხეითის, სვერის, ქემერტის, თირის, აჩაბეთის, გომართას, თიღვას, წუნარის, ზღუდერის, გერის; აფხაზეთში – ილორის, დრანდის, ბიჭვინთის, ათონის, ანაკოფიის, ლიხნის, ამბარის, კაბენის, წებელდის ტაძრებს.

ღმრთისმშობლის ეკლესია – VIII-IX სს., სოფ. ზონკარი (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი)

„მძვინვარებს შავი არქეოლოგია, ფიქსირდება არტეფაქტების გაყიდვის შემთხვევები. ზოგან ქართული კვალის წაშლას ბულდოზერებითა და პნევმატური ჩაქუჩებით ცდილობენ. სიმბოლურია, რომ აფხაზეთში, ბედიის უძველეს (X ს.) მონასტერში, მისი ამშენებლის, ბაგრატ მესამის გამოსახულება თეთრად გადაღებეს – ბაგრატ III ბაგრატიონი გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე იყო, რომელმაც ბედიის კომპლექსი „საყდრად საეპისკოპოსოდ“ ააგო და იქვე დაიკრძალა“, - ვკითხულობთ წიგნის შესავალ წერილში.

აი, წმინდა გიორგის ეკლესია – XI საუკუნის ძეგლი, სოფელ ილორში (ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი) 1992-1993 წლების რუსეთ-საქართველოს ომამდე:

და იგივე ეკლესია ომის შემდეგ, 2010 წელს გადაკეთდა რუსულ სტილზე:

სააგენტოს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემორჩენილი 151 საკულტო დანიშნულების ნაგებობიდან - 145 მართლმადიდებლური ეკლესიაა.

89 ნაგებობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე მხოლოდ არასრულყოფილი ცნობები არსებობს. მათი დიდი ნაწილი სრულად დანგრეულია ან მძიმე მდგომარეობაშია. მხოლოდ ათამდე ნაგებობას არ ემუქრება დანგრევის საფრთხე.

წმ. გიორგის ეკლესია – X-XII სს., სოფ. ძარწემი (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი) 1991 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე

ძარწემის ეს ეკლესია დღეს ასე გამოიყურება:

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აღნუსხულია 555 მართლმადიდებლური ეკლესია. მაგრამ ინფორმაცია არსებობს 267 ნაგებობის (266 ეკლესია და 1 სინაგოგა) შესახებ.

მათი დიდი ნაწილი არქეოლოგიურ ობიექტებადაა ქცეული, ხოლო დანარჩენებს უყურადღებობის გამო განადგურება ემუქრება.

თირის სამონასტრო კომპლექსი – XIII-XIV სს., სოფ. ქვემო მონასტერი (ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი)

ოკუპირებულ ცხინვალში, ყოფილი ქართული სკოლის ადგილზე, რუსული მართლმადიდებლური (ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია) ეკლესია ფუნქციონირებს. კიდევ ერთი, რუსული ტაძარი (წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის) მოქმედებს ცხინვალის „მოსკოვის დასახლებაში“.

ღმრთისმშობლის ეკლესია – გვიანი შუა საუკუნეები, სოფ. ვახტანა

ორივე მშენებლობას ხელმძღვანელობდა მღვდელი, სერგეი კოკოევი, რომელიც ემორჩილება მოსკოვის საპატრიარქოს ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიას.

ამავე ეპარქიის საიტზე განთავსებულ კოკოევის ბიოგრაფიაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ მღვდელი მონაწილეობდა 2008 წლის ომში ქართველების წინააღმდეგ და საბრძოლო ჯილდოებიც აქვს მიღებული.

წარჩეს ნათლისღების ეკლესია – XIX ს., სოფ. წარჩე (კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი)

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს მხოლოდ ხუთი ქართველი სასულიერო პირი (1 მღვდელი და 4 მონაზონი), ერთი ტაძარი და ერთი დედათა მონასტერი მოქმედებს და ისიც – მხოლოდ ახალგორის რაიონში.

სამი წელი სრულდება, რაც ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაიას (ჭანტურია) ჩამოერთვა ახალგორში გადასვლის უფლება, სადაც იგი ღვთისმსახურებას აღასრულებდა.

კვირაცხოვლის ეკლესია – ადრე შუა საუკუნეები, სოფ. ქურთა

ხელოვნებათმცოდნე გიორგი პატაშური ბოლო წლებში საგრძნობლად დაზიანებული ძეგლების ჩამოთვლისას იხსენებს, თუ როგორ ჩამოიშალა დრანდაში მეექვსე საუკუნის ემბაზი და როგორ გააკეთეს მისი რესტავრაცია კაფელით.

ბედიის მონასტერი – X-XIV სს., სოფ. აგუბედიის მიდამოები (ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი)

მისივე შეფასებით, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ბედიის ტაძარი, რომელსაც ადრეც სჭირდებოდა მიხედვა, ახლა კი, მოუვლელობის გამო, უფრო დაზიანდა.

ჩამოშლილი ფრესკები

გიორგი ასევე მოგვითხრობს, რომ ანაკოფიის ციხის ეკლესიაში არსებობდა კედელი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში რუსმა ბერებმა ააშენეს, გარშემო არსებული ეკლესიის ნანგრევების ორნამენტული და წარწერიანი ქვები შეაგროვეს და მათგან კედელი ააგეს, რომ ეს ქვები გადაერჩინათ.

2 წლის წინ ანაკოფიის ახლანდელი მუზეუმის დირექტორმა ეს კედელიც დაანგრია ვითომდა ქვების მუზეუმში გადატანის მიზნით. თუმცა მათგან რამდენი დაზიანდა და რამდენი ქვა გადარჩა, უცნობია.

წმინდა ამენაინ ფრკიჩ - XIX საუკუნე, გაგრა

გიორგი პატაშურის თქმით, ბოლო წლებში, უკვე აფხაზებიც აპროტესტებენ იქ მდებარე ტაძრების გადაკეთებას რუსულ სტილში, მაგრამ ეს პროტესტი, ცხადია, სურათს ვერ ცვლის. საქართველოს ხელისუფლებას კი ამ ეტაპზე ქართული ძეგლების გადასარჩენად სხვა ბერკეტი არ გააჩნია.

ასე გამოიყურებოდა VI-VII საუკუნეების ეკლესია სოფელ დრანდაში (ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი) 2008 რუსეთ-საქართველოს ომამდე:

და ასეთია ის დღეს - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გადაკეთდა რუსულ სტილზე.

პს. ალბომში (და ამ სტატიაშიც) გამოყენებულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, გიორგი ბაგრატიონის, ილია ჭკადუას, სალომე მელაძისა და ბადრი გასპაროვის მიერ მოწოდებული ფოტომასალა.