ოხანაშვილის თქმით, ლომჯარია ვალდებულია, მოსამართლეთა არჩევის პროცესში ჩაერთოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამაოგნებელ ფაქტს უწოდებს საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას უარს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის პროცესში ჩართვაზე. ასე გამოეხმაურა დეპუტატი სახალხო დამცველის პოზიციას.

"ყველა ასეთი განმცხადებელი პირის პროფესიულ საქმიანობაზე აისახება ნეგატიურად. ვწუხვარ, რომ ქალბატონი ნინო, რომელიც ვალდებულია, ჩემი აზრით, უფლებამოსილი კი არ არის, ვალდებულია ჩაერთოს პროცესში, [უარს ამბობს]..." - თქვა ოხანაშვილმა.

ასევე ნახეთ ომბუდსმენი უარს აცხადებს, მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში

ომბუდსმენის გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. გადაწყვეტილების მიღების მიზეზად მან სასამართლო სისტემაში არსებული მოუგვარებელი უმწვავესი ინსტიტუციური პრობლემები დაასახელა და თქვა, რომ სანამ არ გატარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის მიერ სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა, პროცესებში არ ჩაერთვება.