ქეთევან დედოფლის ნაწილები საქართველოს მუდმივ მფლობელობაში გადაეცა

ინდოეთის რესპუბლიკამ საქართველოს წმინდა ქეთევან წამებულის ნეშტის ფრაგმენტების ნაწილი მუდმივ მფლობელობაში გადასცა. წმინდა ნაწილები ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოიტანა საქართველოში და სამების საკათედრო ტაძარშია განთავსებული, სადაც დღეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრსა და ინდოელ ხალხს.

„დღევანდელი ვიზიტი არის ისტორიული. ეს გახლავთ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში. ბატონი მინისტრი უდიდესი მისიით ჩამობრძანდა დღეს თბილისში. ინდოეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს გადმოეცა მუდმივ მფლობელობაში, გოაში, წმ. ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, რომელიც ბატონმა მინისტრმა თავად ჩამოაბრძანა საქართველოში.

მე მინდა, ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო მინისტრო, თქვენს პრემიერ-მინისტრს, თქვენს მთავრობას და ინდოელ ხალხს. ეს ფაქტი არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის. ჩვენ ამას დიდად ვაფასებთ. ჩვენ გვჯერა, რომ დღევანდელი დღე იქნება განმსაზღვრელი ჩვენი მომდევნო თანამშრომლობის, ჩვენი მეგობრობის ხალხებს შორის და მთავრობებს შორის“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

"ძალიან მახარებს, რომ აქ ვარ დღეს, პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ ინდოეთიდან, რომელიც საქართველოს ეწვია. თუმცა, საქართველოში ჩამოვედი იმ განწყობით, რომ განსაკუთრებული მისია ვიკისრო. როგორც ყველამ კარგად იცით, ჩვენ შევინახეთ და სათუთად გავუფრთხილდით საქართველოს. ბუნებრივია, გასაგები იყო დიდი ინტერესი საქართველოდან, ყველა ეს წმინდა ნაწილი, რომ მუდმივ მფლობელობაში გადმოსცემოდა საქართველოს, რადგან მრავალწამებული დედოფალი ძალიან აღიარებულია თქვენს საზოგადოებაში. ჩვენი ძალიან მჭიდრო მეგობრობის და თანამშრომლობის კონტექსტში ამ საკითხის მნიშვნელობის გაცნობიერების საფუძველზე, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი გადმოსცემოდა საქართველოს" - თქვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამარტულ ბრიფინგზე ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. მან საქართველოს მადლობა გადაუხადა აქ მყოფი ათასობით ინდოელი სტუდენტის გულითადი მასპინძლობისთვის და ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

ქეთევან დედოფლის ნეშტის ფრაგმენტების მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს და ინდოეთის პრემიერ-მინისტრებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ეპისკოპოსმა შიომ.

"დღეს ჩვენ ვართ დიდი ისტორიული დღის მომსწრენი. ის, რაც წლების განმავლობაში იყო სანატრელი და მიუღწეველი დღეს შესაძლებელი გახდა. ინდოეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვტილება მიიღო – ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს მუდმივ მფლობელობაში, უსასყიდლოდ გადმოსცა. ამიერიდან ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციულ კულტურული სიახლოვის განმამტკიცებელი წმინდა ქეთევანიც იქნება" - თქვა მან სამების ტაძარში.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გოაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნეშტი ქეთევან დედოფლის შესაძლოა ყოფილიყო, 2013 წელს გავრცელდა. 2017 წელს ქეთევან დედოფლის ნეშტი მთავრობის გადაწყვეტილებით 6 თვით ჩამოიტანეს საქართველოში და ამ დროის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა ადგილას დაატარებდნენ მორწმუნეებისთვის საჩვენებლად - ამ ღონისძიებაში მაშინ 343 310 ლარი დაიხარჯა.