ძალადობისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გამოყენების გამო Alt info-ს საიტი გაითიშა

ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეული, პრორუსული და ნაციონალისტური ინტერნეტპლატფორმა Alt Info-ს ვებგვერდი გაითიშა, ფეისბუკზე არსებული გვერდი კი წაიშალა. ამ წუთებში ვებგვერდზე შესვლისას გამოდის წარწერა, რომ დროებით მიუწვდომელია.

ფეისბუკმომხმარებელი როი შენგელია ამბობს, რომ მიმართა ჰოსტინგ კომპანია iPage.Com-ს და აცნობა, რომ აღნიშნული ვებგვერდი ავრცელებს სიძულვილის ენას, მოუწოდებს ხალხს აგრესიისკენ და არღვევს ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რის შემდეგაც გვერდი გაითიშა.

"ზუსტად 30 წუთში, ორგანიზაციის Abuse განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინათ აღნიშნული ვებ-გვერდი და შეეწყვიტათ მათი ჰოსტინგ მომსახურებით უზრუნველყოფა. Altinfo-ის ჰოსტინგ მომსახურება შეჩერებულია", - წერს ის.

დღესვე წაიშალა ალტ-ინფოს გვერდი ფეისბუკზე. ტელეგრამის ღია ჯგუფში ამ პლატფორმის გარშემო გაერთიანებული ადამიანები წერენ, რომ "ამ მომენტში მთავრობას არანაირად არ აწყობს ალტ-ინფოს წაშლა" და აქედან გამოდის ის, რომ "ლგბტ პრაიდი აკონტროლებს ფბსაც".

ალტ-ინფოს წამყვანები გამოირჩევიან ჰომოფობიური, ქსენოფობიური, დისკრიმინაციული განწყობებით - ისინი იყვნენ 5-6 ივლისს თბილისში გამართული ძალადობრივი აქციების მონაწილეები, ჩართულები იყვნენ ორგანიზებაშიც. 9 ივლისს რუსთაველზე, "ჯვრის დასაცავ" აქციაზე ალტ-ინფოს ერთ-ერთი სახე, ზურაბ მახარაძე კვლავ გამოდიოდა ძალადობისკენ მოწოდებებით.

ასევე ნახეთ პარლამენტთან აქცია-პარაკლისი გაიმართა ჯვარის დაცვის მოტივით

ფეისბუკმა არაერთხელ დაბლოკა ალტ-ინფოს გვერდები და მათთან დაკავშირებული ქსელიც წაშალა. 2016 წლიდან მათი საქმიანობა ხუთჯერ მოყვა სხვადასხვა წმენდაში. გზადაგზა უქმდებოდა ხან მათი გვერდები, ხან კი ორგანიზაციის წევრების პირადი ანგარიშები. წაშლის მიზეზი, როგორც წესი, პროპაგანდისტული მასალების სხვადასხვა გვერდიდან შეთანხმებულად გავრცელება იყო.

ასევე ნახეთ „ფეისბუკმა“ წაშალა „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული ანგარიშები და გვერდები

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 2020 წლის ნოემბერში მათ მაუწყებლობის უფლება მისცა.