საქართველოში ჩამოვიდნენ „მტკიცე სული 2021“-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები
მრავალეროვნული სწავლების „მტკიცე სული 2021“-ში (Agile Spirit 2021) მონაწილე ამერიკელი სამხედროები და ვერტმფრენები საქართველოში არიან.
შავი ქორის ტიპის ვერტმფრენები HH-60 Agile Spirit 2021-ში მონაწილეობის მისაღებად გერმანიიდან, რამშტაინის სამხედრო აეროდრომიდან ჩამოიყვანეს. ვერტმფრენები სწავლების აღსრულების პერიოდში სამედიცინო ევაკუაციის კომპონენტში იქნება ჩართული.
ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის 1-91-ე საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა კი გერმანიის ქალაქ ნიურნბერგიდან „ბოინგ 777“-ის ტიპის თვითმფრინავით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 24 ივლისს, გამთენიისას ჩამოფრინდა.
სამხედროები სენაკის, ორფოლოსა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე გადანაწილდებიან.
სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს და 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. წვრთნების მიზანს ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება, მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.