ნათია თურნავამ შვილის ყოლაზე მიბმული სესხის სუბსიდირების დეტალებზე ისაუბრა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ შვილის ყოლასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ სესხის სუბსიდირების დეტალებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, პროგრამა 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ამ დროს ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი იქნება.

სუბსიდირების პირობები:

  • 1 სექტემბრიდან ვისაც ეყოლება შვილი, 12 თვის განმავლობაში სახელმწიფო სთავაზობს სესხის სუბსიდირებას. მაქსიმალური თანხა სესხის იქნება 200 ათასი ლარი;
  • პირველი და მეორე შვილის ყოლის შემთხვევაში სუბსიდირება იქნება 6 პროცენტი; მესამე, მეოთხე და შემდეგ შვილზე იქნება, დაახლოებით, 8 პროცენტი;
  • მათ, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი შვილი, ახალშობილის ყოლის გარეშე სახელმწიფო სთავაზობს სესხის პროცენტის 2/3-ის სუბსიდირებას, რაც დაახლოებით 4 პროცენტია;
  • სესხის პროცენტი დაიფარება 5 წლის ვადაში.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბევრად შეუწყობს ხელს ჩვენი ოჯახების კეთილდღეობას და თითოეულ ასეთ ოჯახში ახალშობილი იქნება არა მხოლოდ დიდი სიხარულის მომტანი, არამედ კონკრეტული პრაქტიკული სიკეთეების მომტანი", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამ პროგრამის ამუშავების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე თვის წინ პარლამენტში ვიზიტის დროს განაცხადა. სუბსიდირება პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.