ლიეტუვაში ერთ დღეში ბელარუსიდან არალეგალურად გადასული 289 მიგრანტი დააკავეს

1 აგვიტოს ღამით ლიეტუველმა მესაზღვეებმა ბელარუსიდან არალეგალურად გადმოსული 289 ადამიანი დააკავეს, რაც მიგრანტთა კრიზისის განმავლობაში რეკორდული ციფრია.
მანამდე ყველაზე მეტმა, 171 მიგრანტმა, ბელარუს-ლიეტუვის საზღვარი არალეგალურად 27 ივლისს გადაკვეთა.

ლიეტუვის სასაზღვრო დეპარტამენტის ვარაუდით მიგრტანთან ნაკადი, შესაძლოა, მომდევნო დღეებში გაიზარდოს, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 2 აგვისტოს პირველივე საათებში ლიეტუვის ტერიტორიაზე საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე ბელარუსიდან გადმოსული 109 მიგრანტი დააკავეს.


ამასტან ლიეტუვის სასაზღვრო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ მიგრანტები სრულიად უსისტემოდ კვეთენ საზღვარს. თუ ადრე არალეგალები ღამით გადმოდიოდნენ საზღვრის გარკვეულ მონაკვეთზე, სადაც არ არის დამონტაჟებული ვიდეოკამერები, ამჟამად ისინი საზღვარს დღის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას კვეთენ.

მთლიანობაში კი მიმდინარე წლის განმავლობაში ლიეტუველმა მესაზღვრეებმა დააკავეს სულ მცირე 3300 მიგრანტი. მათი უმრავლესობა ერაყელია, თუმცა ბელარუსის სახმელეთო საზღვრის გავლით ლეიტუვაში არალეგალურად ჩასულთა შორის საკმაოდ მრავლად არიან ასევე ირანის, ავღანეთის, სირიისა და კამერუნის მოქალაქეები.


ივლისის ბოლო ევროკავშირმა მოუწოდა ბელარუსის ავტოკრატ ლიდერ, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, შეეშვას მეზობელ სახელმწიფოზე ზეწოლის ინსტრუმენტად არალეგალი მიგრანტების გამოყენებას.

ვილნიუსი მიიჩნევს, რომ მიგრანტები ლიეტუვის საზღვართან მიჰყავთ და შემდეგ ბელარუსი მესაზღვრეები თვალს ხუჭავენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში მათ გადასვლაზე. მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნას ლიეტუვაში ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან ერთგვარ შურისძიებას უკავშირებენ.

ლიეტუვა ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკასი, ბელარუსში შარშან აგვისტოში ჩატარებული, კამათის საგნად ქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. კენჭისყრაზე 66 წლის ლუკაშენკა კიდევ ერთხელ გამოცხადდა გამარჯვებულად, რასაც უპრეცედენტო საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა, კენჭისყრის შედეგს არ ცნობს დასავლეთი. ლიეტუვამ თავშესაფარი შესთავაზა სვიატლანა ციხანოუსკაიას, რომელიც, მისი მხარდამჭერების თქმით, არჩევნების რეალური გამარჯვებულია.