თალიბანმა ქალებს ტელევიზიასა და მთავრობაში მუშაობის ნება დართო

გასამხედროებულმა მოძრაობა თალიბანმა ქალებს ნება დართო, გაუძღვნენ ტელეგადაცემებს და მონაწილეობა მიიღონ ავღანეთის მომავალ მთავრობაში. ამის შესახებ არაბულენოვანი მედია იტყობინება თალიბებზე დაყრდნობით.

ტელეარხი TOLOnews-ი იუწყება, რომ 17 აგვისტოს განაახლა ტრანსლაცია ქალი წამყვანებით. მანამდე რამდენიმე საათით ადრე ტელეარხი თალიბებმა ჩაიგდეს ხელში.

15 აგვისტოს გასამხედროებულმა მოძრაობამ ქაბული დაიკავა. ადამიანის უფლებების დამცველები შიშობენ, რომ ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შემდეგ ავღანელი ქალების უფლებები სერიოზულად შეიზღუდება. ასე იყო თალიბანის წინა მმართველობის პერიოდში 1996-2001 წლებში. მაშინ გოგონებს არ ჰქონდათ სწავლის უფლება, ქალებს კი ეკრძალებოდათ მუშაობა, მამაკაცების გარეშე გადაადგილება, ხალხში სახის გამოჩენა, მაკიაჟის გამოყენება.

ახლა თალიბები აცხადებენ, რომ ქალებს შეუძლიათ ისწავლონ და იმუშაონ, ასევე დამოუკიდებლად გადაადგილდნენ. ამასთან, სავალდებულო იქნება ბურკის ჩაცმა - მუსლიმური სამოსისა, რომელიც სახეს ფარავს.

გაერო იტყობინებოდა ქალების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მკვლელობების შესახებ რაიონებში, რომლებიც თალიბანმა დაიკავა აგვისტოს იერიშის დროს.