ბაიდენის თქმით, მას არ შეუძლია ქაბულიდან ევაკუაციის „საბოლოო შედეგის“ გარანტირება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვლავ დაიცვა თავისი ძალისხმევა ქაბულიდან აშშ-ის მოქალაქეებისა და ავღანეთის იმ მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებით, რომლებსაც სერიოზული პრობლემები შეექმნათ ქაბულში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.

ბაიდენმა ავღანეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის „საჰაერო ხიდს“ ამ სახის ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაცია უწოდა მთელი ისტორიის მანძილზე. ბაიდენმა პარასკევს მიმართა ამერიკელებს თეთრი სახლიდან.

პრეზიდენტის თქმით, აშშ-მა 14 აგვისტოს ქაბულის აეროპორტიდან მოახდინა 13 ათასი ამერიკელის, ავღანელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია. მან პირობა დადო, რომ მოხდება ევაკუაცია „ნებისმიერი ამერიკელისა, რომელიც აშშ-ში დაბრუნებას მოისურვებს“.

პასუხად ჟურნალისტების შეკითხვაზე პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-ის სამხედროები „ასეთსავე პასუხისმგებლობას“ კისრულობენ ავღანელი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც ქაბულიდან გაფრენას მოისურვებენ. მან დააზუსტა, რომ პრიორიტეტად რჩება აშშ-ის მოქალაქეთა ევაკუაცია.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მიუხედავად მიმდინარე ოპერაციისა, მას არ შეუძლია ქაბულიდან ევაკუაციის „საბოლოო შედეგის“ გარანტირება.

ბაიდენის სიტყვებით, შეერთებული შტატები ფხიზლად არის პოტენციური ტერორისტული თავდასხმების გამო და ევაკუაციის პროცესში განუწყვეტლივ კონტაქტშია თალიბანთან.