სააკაშვილი პანდემიის მართვაზე: ეს არის საკუთარი მოქალაქეების შეგნებული განადგურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ხალხის მიზანმიმართულ დახოცვაში ადანაშაულებს.

21 აგვისტოს, საკუთარ ფეისბუკზე, სააკაშვილმა ლაივრეჟიმში ვიდეომიმართვა გაავრცელა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ოფიციალური სტატისტიკა COVID-19-ის მიზეზით საქართველოში 74 ადამიანის გარდაცვალების შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებას 2 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირებს.

„თავიდან არავინ იცოდა ამ ეპიდემიის მართვა მსოფლიოში, მაგრამ ხალხმა ისწავლა მართვა, შემდეგ შემოვიდა ვაქცინა და აიცრნენ. საქართველოში იტყუებოდნენ, რომ იცოდნენ მართვა და შემდეგ ხელოვნურად არ შემოიტანეს ვაქცინა ივანიშვილის განკარგულებით. მე ამას ვამტკიცებ სრული კომპეტენტურობით, რადგან მე თვითონ ვუშოვე ვაქცინა და ამაზე თქვა მაშინ მთავრობამ უარი. რამდენიმე სხვა ქვეყანამ შესთავაზა და სანამ ძალით არ შეტენეს ამერიკელებმა, არც იღებდნენ ამ ვაქცინას.

ხელოვნურად არ შემოჰქონდათ ვაქცინა იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა არჩევნებისთვის ხალხი იყოს სახლში და დაწეროს ნებისმიერი ციფრი. ივანიშვილს უნდა, რომ ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, ის უბრალოდ დახოცოს... ჩვეულებრივად განადგურებენ, ხალხო“, - აცხადებს სააკაშვილი.

მისი შეფასებით, პროცესში გამოვლინდა „ხელოვნური“ ფაქტორები - „თავისი რუსი ტურისტებით, თავისი შეზღუდვების მოხსნით ყველაზე არასწორ დროს“.

„ეს არ არის უუნარობა და უნიათობა. ეს არის შეგნებული განადგურება და მკვლელობა საკუთარი მოქალაქეების“, - ამბობს ექსპრეზიდენტი თავის ვიდეომიმართვაში. იქვე აღნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების პროგნოზით, რომლებსაც თავად ესაუბრა, დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზრდება.

„იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ ინტუბაციაზე და პრაქტიკულად ხელოვნურად უხანგრძლივებენ განწირულ ადამიანებს სიცოცხლეს“, - აღნიშნავს სააკაშვილი და ხალხს „ამ ყველაფრის“ თვითორგანიზებით შეჩერებისკენ მოუწოდებს.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 4 901 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გუშინ ეს მაჩვენებელი 4743 იყო, 46 389 ტესტის ჩატარების ფონზე.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 74 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 723-ს შეადგენს.