აშშ-ის და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და ანდრიი ტარანმა ხელი მოაწერეს თავდაცვითი პარტნიორობის სტრატეგიული საფუძვლების შეთანხმებას.
„თავდაცვის სფეროში უკრაინისა და აშშ-ის თანამშრომლობაში ახალი ეტაპია“, - დაწერა ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პენტაგონში, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ. ზელენსკის თანახმად, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის ერთობლივად გაწევა.
A new stage in 🇺🇦🇺🇸 defense cooperation. An agreement on the strategic foundations of the defense partnership was signed in @DeptofDefense. For us, 🇺🇸 support for 🇺🇦%27s territorial integrity, gaining @NATO membership and joint opposition to Russian aggression are very important. pic.twitter.com/SebG2PIQjd
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 31, 2021
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია.
ოსტინის თქმით, აშშ რუსეთის ისევ მოუწოდებს, შეწყვიტოს ყირიმის ოკუპაცია და უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის ხელშეწყობა. პენტაგონის ხელმძღვანელის თანახმად, აშშ გააგრძელებს რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მხარდაჭერას. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შემდეგ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება 2.5 მილიარდ დოლარზე მეტია და წელს, ეს დახმარება მოიცავს უკრაინისთვის ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების, Javelin-ის მიწოდებას.
დღეს, 1 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, შეხვედრის წინ, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ უკრაინას უნდა გამოუყონ დამატებით 60 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება, რომელიც საჭიროა ქვეყნის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობის, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის და სხვა პროვოკაციების გამო.