ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის ფაქტი რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც აცხადებენ, რომ პოლიციას სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებული ჰყავს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. შსს ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ სად, როდის და რა მოტივით მოხდა მკვლელობა. წინასწარი ინფორმაციით, ვლადიმერ ვახანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მოკლეს.
საქართველოს და რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში დააკავეს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით. იმავე წლის მარტში სასამართლომ ვახანიას მიუსაჯა სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა. 2012 წელს, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ვლადიმერ ვახანია საინიციატივო ჯგუფის სახელით ზუგდიდში კენჭს იყრიდა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად.
წარმოშობით ზუგდიდელი ვლადიმერ ვახანია, ძირითადად, რუსეთში ცხოვრობდა.