ავღანეთიდან იტყობინებიან 4 სექტემბერს ახალი ბრძოლების შესახებ თალიბანსა და მის ბოლო მოწინააღმდეგე ძალას შორის ფანჯშირის რეგიონში, რის ფონზეც თალიბანმა დაასრულა მთავრობის ჩამოყალიბების გეგმა.
თალიბების მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ 15 აგვისტოს, ისინი წინააღმდეგობას წააწყდნენ დედაქალაქიდან 100 კილომეტრში მდებარე ფანჯშირის ხეობაში, სადაც გამაგრდნენ ოპოზიციური ძალები და ავღანეთის არმიის ნაშთები.
თალიბანის წყარომ Reuters-ს აცნობა, რომ მისმა მეომრებმა დაიკავეს არეალი, მაგრამ მოწინააღმდეგემ უარყო ცნობა.
წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ამრულა სალეჰმა, 4 სექტემბერს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ვითარება რთულია, მაგრამ წინააღმდეგობა გაგრძელდება, იტყობინება AFP-ი. ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას მეთაურობს აჰმად მასუდი, ვაჟი მოჯაჰედების ყოფილი თავკაცისა, რომელიც თალიბებს ებრძოდა ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში 1990-იანი წლების ბოლოს. 3 სექტემბერს თალიბებმა ჰაერში სროლა დაიწყეს ფანჯშირის პროვინციაში ბრძოლაში წარმატების აღსანიშნავად, რა დროსაც ორი ადამიანი მოკლეს და 12 დაჭრეს, იტყობინება ქაბულის საავადმყოფოს თანამშრომელი 4 სექტემბერს.
ფანჯშირში მიმდინარე ბრძოლების ფონზე თალიბანი მთავრობას ქმნის. Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მთავრობას სათავეში ჩაუდგება თალიბანის დამაარსებელი და პოლიტიკური ხელმძღვანელი, მოლა ღანი ბარადარი, რომელიც დაჯგუფებაში ზომიერი პოზიციის მქონედ მიიჩნევა. მთავრობაში მაღალ პოსტებს დაიკავებენ მოლა მოჰამად იაკუბი, თალიბანის დამაარსებლის და სულიერი ლიდერის, მოჰამად ომარის ვაჟი და შერ მოჰამად აბას სთაქენზაი, დოჰაში თალიბანის პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელი.
ყველაზე უმაღლესი ლიდერი ქაბულშია, განაცხადა ვინაობის გამხელის გარეშე თალიბანის ერთმა წევრმა.