ოპოზიციის ერთი ნაწილის საერთო კანდიდატი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პოსტზე, პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ წარმომადგენელი ლია მუხაშავრია რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ აღნიშნავს, რომ მისი უშუალო მოწინააღმდეგე არჩევნებში „ქართული ოცნების“ მოქმედი მერი ალექსანდრე სარიშვილი იქნება.
„მინდა გითხრათ, რომ იგი მაინცდამაინც ძლიერი კონკურენტი და მოწინააღმდეგე არ გახლავთ. ერთადერთი, ასე ვთქვათ, თავისუფალი კანდიდატი და მოწინააღმდეგეა გახარიას პარტიის წარმომადგენელი, ბატონი კალანდარიშვილი, რომელსაც მე პირადად არ ვიცნობ“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ „საღამოს საუბრებში“, რომელშიც თქვა, რომ მან და პარტიის „სამშობლოსთვის“ კანდიდატმა, ოპოზიციასთან ერთად, უნდა შეძლონ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% ვერ აიღოს.
როგორც ლია მუხაშავრიამ „საღამოს საუბრებში“ აღნიშნა, შესაბამისად, ერთი მიზეზი, რის გამოც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატურად წარდგენას დათანხმდა, ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ მისი საერთო კანდიდატად დასახელება იყო, მეორე მიზეზი კი სუბიექტურია:
„მე უკვე 6 წელია ვცხოვრობ მუდმივად ლანჩხუთში, ვაპირებ, რომ აქ გავაგრძელო ჩემი ცხოვრება და ამიტომ მგონია, რომ ჩემი აქტიურობა მნიშვნელოვანია არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი თანამოქალაქეებისთვისაც, ვინც უკმაყოფილოა არსებული მდგომარეობით და ძალიან უნდა ცვლილებების მიღწევა და ვფიქრობ, რომ ამაში შემიძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ვითამაშო. და თანაც მგონია, რომ პოლიტიკურ სარბიელზე რაღაც უნდა გავაკეთო, თუკი შემიძლია, სასიკეთო მუნიციპალიტეტისთვის და ჩემი თანამოქალაქეებისთვის. ამიტომ უარს ვერ ვიტყოდი ამ შესანიშნავ შესაძლებლობაზე, გავხდე ლანჩხუთელების მერი და ვცადო მათთვის უკეთესი პირობების და უკეთესი გარემოს შექმნა“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
"საღამოს საუბრებში" მან აღნიშნა, რომ მაშინ როცა თვითმმართველობები რეალურად არ არსებობს, გამარჯვების შემთხვევაში შეეცდება განახორციელოს ლობისტური საქმიანობა ცენტრში, რათა მთავრობის დათანხმება შეძლოს ბევრ ისეთ საკითხზე, რაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტი არ არის. ერთ-ერთ ასეთ საკითხად გადაცემაში მან დაასახელა სოფლებში კომუნისტების დროიდან დარჩენილი იმ შენობა-ნაგებობების გამოყენების შესაძლებლობა, რომლებშიც კულტურის სახლები, სავაჭრო თუ სამრეწველო ობიექტები იყო განთავსებული. ეს შენობები, მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მუნიციპალიტეტის საკუთრება არ არის.
„ჩემი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საპროგრამო ამოცანა იქნება ყველა ამ შენობის ინვენტარიზაცია, იმის მიღწევა, რომ ისინი გადმოეცეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და შეეთავაზოს ადგილობრივ ინვესტორს, ან იმ ადამიანებს, რომლებიც რაიონიდან წავიდნენ, მაგრამ აქვთ ეკონომიკური შესაძლებლობა, რაიმე გახსნან ამ შენობებში, მათი რეკონსტრუქციის შემდეგ. მაგალითად, სახელოსნოები, საწარმოები, სასაწყობო მეურნეობები, გადამამუშავებელი საწარმოები თუ სხვა რამ. ასეთი ბიზნესგეგმის წარმოდგენის შემთხვევაში, მათ სიმბოლურად, ერთ ლარად უნდა გადაეცეთ ეს ქონება, თუ ისინი ამ ბიზნესგეგმას განახორციელებენ“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ, რომლის გათვლებითაც ამ გეგმის ხორცშესხმის შემთხვევაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც 37 სოფელია, დაახლოებით 200-მდე ოჯახს გაუჩნდება შემოსავალი.
პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ წევრი ლია მუხაშავრია ლანჩხუთის მერობის კანდიდატად 20 აგვისტოს წარადგინეს. „ტრიბუნას“ გარდა მის კანდიდატურას მხარს უჭერენ „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ზურა ჯაფარიძე – გირჩი“ და „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო“.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება.