უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი, დეპუტატი ნიკოლაი ტიშჩენკო 8 სექტემბერს თავს დაესხა თავის კოლეგას, მმართველი პარტიის ყოფილ წევრსა და ამჟამად უპარტიო დეპუტატ, გეო ლეროსს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ადანაშაულებს გასული წლის ივლისში უკრაინის სპეცსამახურების მიერ, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრთა წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ჩაფუშვისთვის.
„უკრაინელებს სურთ იცოდნენ, რომ ამ წყვილიდან, რომელმა გასცა ეს სპეცოპერაცია - ბატონმა ზელენსკიმ, თუ მისმა მდივანმა ერმაკმა“, - ამ სიტყვებს წარმოთქვამდა დეპუტატი გეო ლეროსი უკრაინის პარლამენტის ტრიბუნაზე, როდესაც მას მიეჭრა ნიკოლაი ტიშჩენკო და ძალით დაუწყო ტრიბუნიდან გაყვანა.
დეპუტატების დაპირისპირების გამო ვერხოვნა რადის სპიკერმა, დმიტრი რაზუმკოვმა, სესიაზე 15 წუთიანი შესვენება გამოაცხადა.
მანამდე, 7 სექტემბერს, ამერიკული ტელეკომპანია სიენენის ვრცელ რეპორტაჟში სამმა უკრაინელმა ინკოგნიტო მზვერავმა მოყვა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ამზადებდა უკრაინის დაზვერვა ვაგნერელების (კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრების. -რედაქცია) იდენტიფიცირების, ბელარუსში მოტყუებით ჩაყვანისა და შემდგომში შეპყრობის ოპერაციას, რომელიც 2020 წლის ივლისში უშედეგოდ დასრულდა.
აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსი დაქირავებული მებრძოლები მინსკმა ერთი წლის წინ უკრაინის ნაცვლად რუსეთს გადასცა.
ასევე ნახეთ
„ვაგნერის“ რუსი მებრძოლების მინსკში დაკავება კვლავ მრავალ კითხვას ბადებსსიენენის წყაროები კი ირწმუნებიან, რომ სპეცოპერაციის ჩავარდნამ სერიოზული დარტყმა მიაყენა უკრაინის დაზვერვას, რომელიც ვაგნერელების ერთად თავმოყრასა და მათ უკრაინაში ჩაყვანაზე დაახლოებით 18 თვის განმავლობაში მუშაობდა.
ოფიციალურმა კიევმა მაშინ ოპერაციასთან უკრაინის სპეცსამსახურების კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „რუსული ფეიკი“ უწოდა.
უკრაინის ოპოზიციისა და მედიის ნაწილი პასუხისმგებლობას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აკისრებს. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, მრავალი თვის განმავლობაში გულმოდგინედ მიმდინარე სპეცოპერაცია მას შემდეგ ჩავარდა, რაც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ოპერაციის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისს მოახსენეს.