პრაღის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა დონბასელი სეპარატისტების თანამებრძოლი, რომლის ექსტრადიციასაც კიევი ითხოვს

ალექსანდრ ფრანჩეტი

პრაღის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა საერთაშორისო ძებნაში მყოფი რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ფრანჩეტი, მისი კიევში შესაძლო ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რასაც ჩეხეთისგან უკრაინა ითხოვს.


ფრანჩეტი, რომელიც ჩეხმა სამართალდამცველებმა პრაღის აეროპორტში 12 სექტემბერს დააკავეს, მოსამართლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით პანკრაცის საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს.

უკრაინა ფრანჩეტის ეძებს მისი სავარაუდო როლის გამო რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსირებაში.

ფრანჩეტის ადვოკატმა, იან შვარცმა დაუყოვნებლივ გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება.


ფრანჩეტი აქტიური მონაწილე იყო ყირიმში 2014 წელს განვითარებული პროცესებისა. რუსეთის მიერ რეგიონის სამხედრო ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე, მან შექმნა გასამხედროებული დაჯგუფება სახელად "ჩრდილოეთის ქარი", რომელმაც წვლილი შეიტანა ელექტროგადამცემი ხაზების და გაზსადენების ხელში ჩაგდებაში. YouTube-ზე განთავსებულ ინტერვიუში ფრანჩეტი ამბობს, რომ მოქმედებდა ყირიმის პორტ სევასტოპოლში რუსეთის საზღვაო შტაბთან კოორდინაციით.

"მისი დაკავება იყო შედეგი უკრაინის და ჩეხეთის სამართალდამცველების კოლექტიური ნაბიჯებისა, რათა ალექსანდრ ფრანჩეტი სასამართლოს წინაშე წარდგეს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი რამდენიმე დანაშაულისთვის, მათ შორის, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებაში მონაწილეობისთვის", - უთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ოლეჰ ნიკოლენკომ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს 13 სექტემბერს.

კრემლს ამ საქმეზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაკავების გამოძიების ბრძანება გასცა.