მსოფლიო ბანკმა დარღვევების გამო შეწყვიტა რეიტინგი Doing Business

შიდა და გარე გამოძიების შემდეგ, მსოფლიო ბანკმა შეწყვიტა Doing Business-ის სახელით წოდებული რეიტინგის შედგენა და გამოქვეყნება - ანგარიშის, რომელშიც აფასებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესის წარმოების პირობებს. შემოწმებამ გამოავლინა ჩინეთის და საუდის არაბეთის მაჩვენებლების მიზანმიმართული და არაკორექტული გაუმჯობესება და აზერბაიჯანის მაჩვენებლის გაუარესება, 2018-2020 წლებში.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, რეიტინგებში ცვლილებები ხორციელდებოდა მსოფლიო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, ჯიმ იენ კიმის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტალინა გიორგიევას და რეიტინგის ერთ-ერთი ავტორის, სიმეონ დიანკოვის ზეწოლით.

მსოფლიო ბანკი 17 წლის განმავლობაში ქმნიდა რეიტინგს Doing Business. 2020 წლის ზაფხულში მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა, რომ რეიტინგის გამოქვეყნება შეწყვიტა და ამის მიზეზად მოიტანა მეთოდოლოგიაში დაშვებული უზუსტობები. დეტალები მაშინ არ დაუკონკრეტებიათ.

რეიტინგის შეწყვეტის შესახებ მსოფლო ბანკმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: "მსოფლიო ბანკი კვლავ ძლიერად ერთგული რჩება კერძო სექტორის როლის გაზრდის მიმართ განვითარებაში და ხელისუფლებებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის მიმართ, რათა საამისოდ შეიქმნას სარეგულაციო გარემო. სამომავლოდ ბიზნესის და ინვესტიციების კლიმატის შესაფასებლად შევიმუშავებთ ახალ მიდგომას".

ჯერ არ არის მზად იურისტების შეფასება იმაზე, თუ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. კრისტალინა გეორგიევამ თქვა, რომ გამოძიების შედეგებს არ ეთანხმება, ჯიმ იენ კიმს და სიმეონ დიანკოვს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში Doing Business საქართველო წლების განმავლობაში ინარჩუნებდა პოზიციას პირველ ათეულ ქვეყანას შორის.