რუსეთში დააკავეს გამოცემა „გოლოსის“ მთავარი რედაქტორი იგორ ხოროშილოვი

იგორ ხოროშილოვი

დღეს დონის როსტოვში სპეცმიმღებიდან გამოსვლის შემდეგ ხელმეორედ დააკავეს გამოცემა „გოლოსის“ მთავარი რედაქტორი, იგორ ხოროშილოვი, რომელიც სასამართლომ 10 სექტემბერს დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული შინაარსის მასალების გავრცელებაში, რაც გამოიხატა ალექსეი ნავალნის გუნდის მიერ შექმნილი „ჭკვიანი კენჭისყრის“ ლოგოტიპიანი მასალების ფეისბუკის გვერდზე გაზიარებაში.

10-დღიანი პატიმრობის შემდეგ ხოროშილოვმა იზოლატორი დატოვა 20 სექტემბრის დილით, მაგრამ სპეცგამანაწილებლის დატოვებისთანავე კვლავ დააკავეს.

მას ბრალი კვლავ წაუყენეს ექსტრემისტული სიმბოლიკის დემონსტრირებისთვის და პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ, იქიდან კი სასამართლოს წინაშე წარდგება.

დღესვე სანქტ-პეტერბურგში უცნობები თავს დაესხნენ საკანონმდებლო კრების ოპოზიციონერ დეპუტატ ბორის ვიშნევსკის, რომელიც ცენტრალური რაიონის ადმინისტრაციისკენ მიეშურებოდა კენჭისყრის ანომალიური შედეგების საწინააღმდეგოდ საჩივრის წარსადგენად. დეპუტატს ხელიდან გამოსტაცეს წარდგენილი დოკუმენტების ასლები და მიიმალნენ.