სანდრო რაქვიაშვილი: აქცია გვქონდა, 5 ლარს ვიხდიდით თითო პირადობაში

სანდრო რაქვიაშვილი

მოქალაქე კოკა კაპანაძე „ფეისბუკის“ პირად გვერდზე წერს, რომ შემთხვევით შეიტყო, პარტია „გირჩის“ ქარელის საკრებულოს პროპორციული სიის კანდიდატობის შესახებ. ის სიაში მეოთხე ნომერია. „სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე დღეს რომ იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის პარტია „გირჩმა“ ჩემი ნებართვის გარეშე ჩამწერა მეოთხე ნომრად თავის პარტიულ სიაში ქარელის მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნა კაპანაძემ.

რადიო თავისუფლება ესაუბრა პარლამენტის წევრს „გირჩიდან“ სანდრო რაქვიაშვილს. როგორც მან გვითხრა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ყველა პარტიას ჰყავს ასეთი ხალხი.

დეპუტატი პარტიის მხრიდან პროპორციული სიის შედგენის წესს არასწორი კანონმდებლობით ხსნის.

„ჩვენ წინასწარ გვქონდა გაცხადებული კამპანია, რომ პირადობის მოწმობის ფოტოს გვიგზავნიდნენ ჩვენი მხარდამჭერები და 5 ლარს ვუხდიდით. ასე ვაგროვებდით სიას. ასე ხდება, სამწუხაროდ, ასეთი ცუდი კანონმდებლობა გვაქვს. ჩვენ ეუთო/ODIHR-თანაც გვქონდა ამ თემაზე შეხვედრა. სხვა პარტიებიც თანხმდებიან, რომ ეს უნდა შეიცვალოს“, - გვითხრა რაქვიაშვილმა და დაამატა, - „ჩვენ როდესაც ვხედავთ რაღაც იდიოტურ წესს, კანონს, ვცდილობთ, ყველას ვაჩვენოთ, რომ იდიოტურია“.

რაც შეეხება კონკრეტულად კანონმდებლობას, რაქვიაშვილი განმარტავს, „ვთქვათ, თუ მესტიაში ერთი ან მაქსიმუმ ორი ადამიანის გაყვანას ვაპირებთ, გვთხოვენ 30 ან 24-წევრიან სიას. ამ გზით ბიუროკრატიულად ბლოკავენ პატარა პარტიებს. ამიტომ, ჩვენ აქცია გვქონდა, რომ 5 ლარს ვიხდიდით თითო პირადობაში. არ შეგვიძლია, რომ ჩვენ, მაგალითად, „გირჩმა" წარვადგინოთ 30-წევრიანი სია. მართლა 30 პოლიტიკოსი ხო არ გვყავს, ვთქვათ, გორში?! ერთი გვყავს, ძლივს“.

როგორც დეპუტატი ამბობს, დაახლოებით მეოთხე შემთხვევაა, როდესაც გაუგებრობა უკავშირდება მათ კანდიდატს.

„გამოვაცხადეთ ღიად, რომ 5 ლარად ვყიდულობთ პირადობების მონაცემებს. ზოგი 5-10 პირადობის ფოტოს გვიგზავნიდა. ერთმა ჩემმა მეგობარმა ბიჭი დაიქირავა 30 ლარად, რომელიც დარბოდა და მეზობლების პირადობების ფოტოებს იღებდა. ჩვეულებრივი პრაქტიკაა, სინამდვილეში, ყველამ იცის, რომ ასე ხდება. მე, რა თქმა უნდა, ვწუხვარ, არ ვამართლებ. ასეთი კანონმდებლობა გვაქვს, რომელმაც იდიოტურ სიტუაციაში ჩაგვაგდო. 1 312 კანდიდატის სია ჩავაბარეთ და ეს არის თუ არ ვცდები, მეოთხე ასეთი შემთხვევა, როდესაც მოხდა გაუგებრობა“, - თქვა დეპუტატმა.

სანდრო რაქვიაშვილის თქმით, კანონით უკვე შეზღუდულია ამ ადამიანის გაყვანა სიიდან.

„ეს კონკრეტული ადამიანი, როგორც მივხვდი, დამკვირვებლად უნდა დაენიშნა, რომელიღაც პარტიას ან არასამთავრობო ორგანიზაციას და ცესკო-ს ხაზიდან დაემთხვა მონაცემები", - თქვა რაქვიაშვილმა და განმარტა, რომ კანდიდატად დარეგისტრირებულ მოქალაქეს ეკრძალება დამკვირვებლად ყოფნა.

სანდრო რაქვიაშვილის თქმით, როგორც კი არჩვევნები ჩატარდება, პრობლემაც მოგვარდება და ეს სიები აღარ იარსებებს.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.