მელია სააკაშვილის შესახებ: ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც

ნიკა მელია

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და მუნიციპალური არჩევნების შესახებ მოქალაქეეებს პარტიის ოფისიდან მიმართა.

„დღეს ყველა ვხედავთ „ოცნების" ისტერიასა და ჩამოშლას მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების გამო! ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად, მთელ მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა და ძებნილად არ გაეხადად კაცი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას! მას სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის!

დღეს ის ნამდვილად საქართველოშია! კი, ის დააკავეს როგორც მოვისმინეთ, მაგრამ მან იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი!

ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც - ციხეში ყოფნა არაა პრობლემა - პრობლემა არის როცა ქვეყანა ემსგავსება დახავსებულ ციხეს.

საერთო გამარჯვების შემდეგ კი ისიც, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას! ჯერ ციხიდან მაგრამ მალე თავისუფლებაზე!", - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ილაპარაკა არჩევნების შემგდომი პერიოდის შესახებაც.

„ხშირად მეკითხებიან - რა იქნება შემდეგ! აი 2 ოქტომბრის რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ?
იქნება ლეგიტიმაციისგან დაცლილი და ფეხქვეშ მიწაგამოცლილი, დამარცხებული მოძალადე რეჟიმი და დაუყოვნებლივ დაინიშნება ვადამდელი რიგგარეშე არჩევნები!
აი, ეს იქნება და შემდეგ, იქნება გამარჯვება უკვე ვადამდელ არჩევნებშიც და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება პატრიოტი, წესიერი, პროდასავლური ძალების კოალიციისთვის!
დიდი ისტორიული წერტილის დასმა „ქართული ოცნების" უმძიმესი მმართველობის წლებზე! აი ეს იქნება მერე! მშვიდი, ზიზღისგან დაცლილი, განვითარების გზაზე დამდგარი საქართველო - აი, ეს იქნება მერე!" - ამბობს მელია.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

დღეს დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ "მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მიხეილს სააკაშვილი საქართველოშია და დაკავებულია.