ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში არ დაისადგურებს მშვიდობა და კვლავ გაგრძელდება გარედან თავდასხმა ბელარუსის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მაშინ ის შეიძლება მარადიულად დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე.
„ადამიანი იმდენი ხანი შეიძლება იყო პრეზიდენტად, რამდენჯერაც მას ხალხი აირჩევს. ამას მე არ ვაპირებ, მაგრამ, როგორც ერთხელ ვთქვი: უნდა იყოს მშვიდობა და სიწყნარე, რომ არ დაინგრეს ის, რაც მე შევქმენი როგორც პირველმა პრეზიდენტმა. მაგრამ როდესაც თქვენ თავს გვესხმით, მუდმივად გვართმევთ სიტყვას, ჩვენს იმიჯსა და ჩვენს დამოუკიდებლობას, მაშინ მე მარადიული პრეზიდენტი ვიქნები. თუნდაც სიცოცხლის ფასად დავიცავ იმას, რაც ბელარუს ხალხთან ერთად შევქმენი“, - განაცხადა ლუკაშენკამ ტელეკომპანია სიენენთან ინტერვიუში.
სექტემბრის ბოლოს ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციის თაობაზე რეფერენდუმი არა უგვიანეს 2022 წლის თებერვალში გაიმართება.
ბელარუსის ოპოზიცია უპირისპირდება ხელისუფლების მიერ ახალი კონსტიტუციის მომზადებას და მიაჩნია, რომ ამით ლუკაშენკა შეეცდება გააჭიანუროს ხელისუფლებაში დარჩენის პროცესი.
ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მის გადადგომას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის. ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას არ აღიარებენ პრეზიდენტად.