თბილისობა წელს 24 ოქტომბერს გაიმართება და ბიუჯეტს ის თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდება

თბილისობა 2011

თბილისის მერია გამარტივებული შეყიდვით ყიდულობს "თბილისობა 2021"-ისთვის კონცერტის ორგანიზებისთვის საჭირო მომსახურებას. 29 სექტემბერს ქალაქის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ თბილისობა წელს კორონავირუსის პანდემიის გამო შეცვლილი ფორმატით გაიმართებოდა, სადღესასწაულო ღონისძიებების გარეშე, როგორც შარშან.

„მინდა გითხრათ, რომ გვექნება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიება და პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ ნახოთ კონცერტი“, – თქვა კახა კალაძემ 29 სექტემბერს.

თბილისობა წელს 24 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე 6 დღით ადრე გაიმართება. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს არის დანიშნული.

„დედაქალაქში საზეიმო განწყობის შესაქმნელად, საზეიმო კონცერტი და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მოეწყობა.
2021 წლის 24 ოქტომბერს, მთაწმინდის პარკში, თემატურად დეკორირებულ სცენაზე საზეიმო კონცერტი, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების და შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, დამსწრე საზოგადოების გარეშე ჩატარდება, რომლის ნახვა მაყურებელს პირდაპირი ეთერის საშუალებით შეეძლება.

საზეიმო კონცერტის ძირითადი იდეა იმ ადამიანების გახსენებაა, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვეს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაზე. კონცერტის პროგრამა მოიცავს თბილისისადმი მიძღვნილი, საზოგადოებისთვის საყვარელი და ნაცნობი სიმღერების ახლებურად არანჟირებულ ვერსიებს.

მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ სცენაზე დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტის ოფიციალური ნაწილი და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. აღნიშნულ ლოკაციაზე ათი კომპოზიცია შესრულდება, დანარჩენი მუსიკალური ნომრები, ჩართვების სახით გაჟღერდება დედაქალაქის სხვადასხვა უბნიდან. თბილისის უბნებში, ძირითადად პარკებსა და სკვერებში, მოეწყობა მცირე სცენები.

ყოველი უბნიდან ჩაერთვებიან წამყვანები, რომლებიც მოკლედ წარადგენენ უბანს, მუსიკალურ ნომერს და შემსრულებელს. ყველა უბანში თითო კომპოზიცია შესრულდება, გარდა ძირითადი სცენისა.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ 20-მდე სოლო შემსრულებელი, ორკესტრი, მუსიკალური ბენდები და ანსამბლები“, -
ვკითხულობთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამარტივებულ შესყიდვას თან ახლავს პრემიერ-მინისტრის განკარგულება და თბილისის მერის მიერ გამოცემული შესაბამისი ბრძანება თბილისობის ჩატარების შესახებ.

„სახალხო დღესასწაულებისადმი, მათ შორის თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და მათი მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება“, - ასე პასუხობს თბილისის მერია პასუხს კითხვაზე, რატომ არის ღონისძიება სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის.

ასევე ნახეთ

ТБИЛИСОБА მინკსში - მერია სარეზერვო ფონდის ბიუჯეტს კონცერტებში ხარჯავს

2021 წლის 5 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს კონცერტებსა და ფესტივალებზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც 14 აგვისტოდან მოქმედებდა.

ასევე ნახეთ

„ჩამყაყებული ხელისუფლების გამო შრომა წყალში ჩაიყარა” - ფესტივალი „როკვა“ ზარალს ითვლის

ასევე ნახეთ

მღერიან და ხუმრობენ ესტრადის ვარსკვლავები - ზეიმი პანდემიის დროს