შსს-ს განცხადებით, კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო ღონისძიებები უწყვეტად გრძელდება

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებების ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გაგრძელების შესახებ იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. მისი ინფორმაციით, გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის ცხედარი გადმოასვენეს.

დილით, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს. გარდაცვლილი მცირეწლოვანია.

შსს-ს ცნობით, რამდენიმესაათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

Your browser doesn’t support HTML5

ნანგრევებში მოყოლილ ხალხს ისევ ეძებენ

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბათუმში მიმდინარე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებების ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, რომლებიც პირადად ხელმძღვანელობენ სამაშველო ოპერაციას.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 8 ოქტომბერს, დღის ბოლოს ვარაუდობდა, რომ ნანგრევებში ათამდე ადამიანი იყო მოყოლილი.

ასევე ნახეთ ექიმის შეფასებით, ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა მძიმეა

9 ოქტომბრის დილის 3 საათისა და 40 წუთისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია ერთი მამაკაცი და ერთი ქალი. ორივე მათგანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. ნაპოვნია ოთხი ცხედარი, მათგან ერთი ბავშვის.

ასევე ნახეთ ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსი შუადღეს 12 საათამდე ჩამოინგრა. მისი ერთი სადარბაზო სრულად ჩამოშლილია. ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ჯგუფები.

როგორც რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტი ამბობს, 70-იანი წლების ბოლოს აშენებულ 5-სართულიან კორპუსს ორი სართული რამდენიმე წლის წინ დააშენეს. შენობის მეორე სართულზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები.