ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანი ისევ უკომენტაროდ დატოვა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა. მან ცოლთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა მთაწმინდის ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე.

ისევე, როგორც 2 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურში ხმის მიცემის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა მედიის შეკითხვებს არ უპასუხა და საარჩევნო უბნის ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა დაცვის წევრებთან ერთად.

თბილისში, მერის არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები, კახა კალაძე და ნიკა მელია მონაწილეობენ. პირველ ტურში კალაძემ ხმების 45% მიიღო, ხოლო მელიამ - 34%. პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო იყო ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე. მეორე ტურში გაიმარჯვებს კანდიდატი, რომელიც კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობას მიიღებს.