კობახიძე სააკაშვილზე: "დღეში სამ ლიტრა ლიმონათს სვამს ეს კაცი"

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი „მაინც და მაინც დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს გახდეს ცუდად“.

„ანუ აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ ხალხში, თავის მხარდამჭერებში რაღაცა ემოციები აღძრას, თუმცა ესეც არის, რა თქმა უნდა, განწირული წარუმატებლობისთვის. როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება“, - უთხრა ჟურნალისტებს კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საქართველოს ექსპრეზიდენტის შიმშილობას ისევ იმიტირებული უწოდა, თუმცა თქვა, რომ შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე, რომელიც „არის უმძიმესი დამნაშავე, სამარცხვინო დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილი, რომლის დაკვეთითაც ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ და ა.შ.“ როგორც კობახიძემ განაცხადა, სააკაშვილმა კი არ უნდა იშიმშილოს, უნდა მოინანიოს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დღეს მედიას ისიც უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს: „მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრა ლიმონათს სვამს ეს კაცი“. ჟურნალისტების შეკითხვას, საიდან აქვს ლიმონათი, კობახიძემ უპასუხა, რომ ყიდულობს და "დღეში სამი ლიტრი ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი".

ასევე ნახეთ სააკაშვილი ისევ წყვეტს მედიკამენტების მიღებას და უარს ამბობს ანალიზების ჩაბარებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია, 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული და უარს ამბობს გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში გადაყვანაზე. ადვოკატების განცხადებით, ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება დაცული არ იქნება. ისინი სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილს არ გადაიყვანენ კერძო კლინიკაში, რადგან იქ "მუდმივი ჯაჯგური" იქნება
ასევე ნახეთ ართმევენ თუ არა პატიმარ პრეზიდენტს მკურნალობის უფლებას?