ლუკაშენკა იმუქრება, რომ შეწყვეტს გაზისა და ტვირთების ტრანზიტს ევროპაში

ბელარუსის ფაქტობრივი მმართველი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა არ ცნობს ლეგიტიმურ ლიდერად, ევროკავშირს მისი ტერიტორიის გავლით ბუნებრივი აირისა და ტვირთების ტრანზიტის შეწყვეტით დაემუქრა. ეს შესაძლოა მოხდეს იმ სანქციების პასუხად, რომელსაც ევროკავშირი მინსკს უმზადებს.

„თუ ჩვენ ჩავკეტავთ ტრანზიტს ბელარუსის გავლით? უკრაინით ვერ გაივლის: იქ რუსეთის საზღვარია ჩაკეტილი. ბალტიისპირეთზე კი გზა არ გადის. თუ ჩვენ ჩავკეტავთ პოლონელებისთვის და, მაგალითად, გერმანელებისთვის, რა იქნება მაშინ? ჩვენ არაფრის წინაშე უკან არ უნდა დავიხიოთ, როდესაც საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ვიცავთ. ჩვენ ვათბობთ ევროპას, ისინი კი ჩვენ გვემუქრებიან, რომ საზღვარს ჩაკეტავენ. რა იქნება მაშინ, თუ გაზს ჩვენ გადავკეტავთ?"- აღნიშა სამთავრობო თათბირზე ლუკაშენკამ.

ბელარუსის ტერიტორიაზე გადის რუსული გაზსადენი იამალ-ევროპა, რკინიგზა, რომელსაც ჩინეთი იყენებს პროგრამით „ერთი სარტყელი-ერთი გზა“ განსაზღვრული ტვირთების ტრანზიტისთვის, ამ გზაზე მოდის ევროპიდან რუსეთში საავტომობილო გადაზიდვის დაახლოებით ორი მესამედი.

წინა დღით ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში ევროკავშირი გააფართოებს მინსკის საწინააღმდეგო სანქციებს.