რუსეთმა კოსმოსში რაკეტა გამოცადა

საერთაშორისო კოსმოსური სადგური

რუსეთმა გამოცადა თანამგზავრების საწინააღმდეგო რაკეტა, რომელმაც გაანადგურა ძველი რუსული თანამგზავრი „კოსმოსი 1408“ და მისი ნარჩენების ველი შექმნა დედამიწის ორბიტის სიახლოვეს. ამის შესახებ აშშ-ის კოსმოსური ძალების სარდლობა იუწყება.

კოსმოსური ძალების მეთაურის, გენერალ ჯეიმს დიკინსონის განცხადებით, რუსეთმა მიზანმიმართულად უგულებელყო კოსმოსური სივრცის უსაფრთხოება, სტაბილურობა და მდგრადობა. ამერიკელი გენერლის თანახმად, რუსული რაკეტის გამოცდის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები მრავალი წლის განმავლობაში შეუქმნის საფრთხეს სხვადასხვა ქვეყნის თანამგზავრებს, კოსმოსურ მისიებს და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს.

აშშ-ის კოსმოსური ძალების სარდლობის ინფორმაციით, 15 ნოემბერს, რუსული რაკეტის გამოცდის შედეგად, კოსმოსში წარმოიშვა 1500-ზე მეტი ნარჩენი, რომელიც სავარაუდოდ, კიდევ ასეულობით ათას უფრო მცირე ფრაგმენტად დაიშლება.

აშშ-ის კოსმოსური ძალების სარდლის, ჯეიმს დიკინსონის განცხადებით, რაკეტის გამოცდა აჩვენებს, რომ რუსეთი განაგრძობს კოსმოსის საწინააღმდეგო შეიარაღების სისტემების შემუშავებას, რაც ძირს უთხრის სტრატეგიულ სტაბილურობას და საფრთხეს უქმნის ყველა ქვეყანას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ყველა პასუხისმგებლიან სახელმწიფოს მოუწოდა, შეუერთდნენ ვაშინგტონის ძალისხმევას, რათა შემუშავდეს კოსმოსში პასუხისმგებლიანი ქცევის ნორმები და აღარ ხდებოდეს რუსეთის მსგავსი საშიში, უპასუხისმგებლო და დამანგრეველი გამოცდები.

რუსული რაკეტის გამოცდის შედეგად წარმოქმნილი ობიექტებისგან მომდინარე საფრთხის გამო, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები იძულებული გახდნენ კოსმოსურ ხომალდებში შესულიყვნენ. ამჟამად საერთაშორისო სადგურზე იმყოფებიან ამერიკელი, ევროპელი და რუსი ასტრონავტები.

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის(NASA) ხელმძღვანელმა, ბილ ნელსონმა წარმოუდგენელი უწოდა იმას, რომ რუსეთმა საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ პარტნიორ, არამედ საკუთარ ასტრონავტებსაც.

ამერიკული კომპანია Seradata, რომელიც კოსმოსში სხვადასხვა ობიექტის მოძრაობას აკვირდება, იუწყება, რომ რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო კოსმოსში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გაშვებული რადიოტექნიკური დაზვერვის თანამგზავრი „კოსმოსი 1408“, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღარ მუშაობდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოსმოსში რაკეტის გამოცდაზე რაიმე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.