ბულგარეთის პრეზიდენტი კვლავ იმეორებს, რომ „ყირიმი რუსეთისაა“

რუმენ რადევისა და ანასტას გერჯიკოვის დებატების სატელევიზიო ფრაგმენტი

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა, ჟურნალისტის შეკითხვაზე შაბათს კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ყირიმის თაობაზე, რამაც პარასკევს უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია.


„არავითარი დრამა არ არის. საკითხი აბსოლუტურად ცხადია. ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს, მაგრამ, როგორც გუშინ საღამოს ვთქვი, პოლიტიკაში არსებობს რეალობა და დღესდღეობით ყირიმი რუსეთისაა“, - განაცხადა შაბათს ქალაქ პლოვდივში ყოფნის დროს ბულგარეთის პრეზიდენტმა.


ბულგარეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა, 18 ნოემბერს საპრეზიდენტო რბოლაში თავის მთავარ კონკურენტ, ანასტას გერჯიკოვთან დებატების დროს, აღნიშნა, რომ ყირიმს „რუსეთის ტერიტორიად“ მიიჩნევს, ხოლო ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, არაეფექტიანი უწოდა.


ბულგარეთის პრეზიდენტის კომენტარის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში ბულგარეთის ელჩი, კოსტადინ კოჯაბაშევი დაიბარა პროტესტის გადასაცემად. ხოლო უკრაინელმა უფლებადამცველებმა მოუწოდეს ბულგარეთის ხელისუფლებას, რომ „გადაჭრით დაგმონ“ პრეზიდენტ რუმენ რადევის წინასაარჩევნო განცხადება.