ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა კონსერვატიული შეხედულებების პეტრ ფიალა

ჩეხეთის რესპუბლიკაში 28 ნოემბერს მემარჯვენე ორიენტაციის პოლიტიკოსი, პეტრ ფიალა, დაამტკიცეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე - აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის პრესსამსახური.

ზემანმა, რომელსაც ახლახან დაუდგინდა COVID-19-ი, 57 წლის ფიალა პრემიერად დანიშნა საპრეზიდენტო სასახლეში ჩატარებულ, მოკრძალებულ ცერემონიაზე.

ფიალა ყოფილი პოლიტიკის ანალიტიკოსია და სამოქალაქო დემოკრატიულ პარტიას ხელმძღვანელობს. ის ორ უფრო მცირე პარტიასთან გაერთიანდა კოალიციაში - ცენტრისტ ქრისტიან-დემოკრატებთან და მემარჯვენე-ცენტრისტულ TOP 09-სთან - და გასულ თვეში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა. კოალიციამ მცირე უპირატესობით დაამარცხა მიმავალი პრემიერ-მინისტრის, ადრეი ბაბიშის მოძრაობა ANO.

არჩევნების შემდეგ ფიალას კოალიციამ კიდევ ორი ცენტრისტული პარტია დაიმატა 108 ადგილის მოსაპოვებლად 200-მანდატიან საპარლამენტო ორგანოში.

ზემანს ფიალა პრემიერის პოსტზე 26 ნოემბერს უნდა დაემტკიცებინა, მაგრამ ის საავადმყოფოში მოხვდა COVID-19-ით დაავადების გამო. ზემანი 77 წლისაა და ზოგადი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ფიალამ ზემანს სთხოვა, მთავრობა დეკემბრის შუა რიცხვებში დაამტკიცოს, იმ ფონზე, როცა ჩეხეთში მატულობს კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი.

25 ნოემბერს მთავრობამ ახალი შეზღუდვები შემოიტანა პანდემიასთან საბრძოლველად, მათ შორისაა რესტორნების, ბარების და ღამის კლუბების სამუშაო საათების შემცირება და საშობაო ბაზრობების დახურვა.