საქართველოში კოვიდ-ვაქცინის მესამე დოზით აცრილია 13 000-ზე მეტი ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 28 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-ვაქცინის მესამე დოზით აცრილია 13 130 ადამიანი.

მათგან ყველაზე მეტი, 3 319 ადამიანი ვაქცინირებულია 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში.

ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია 10 ნოემბრიდანაა დაშვებული.

ბუსტერ დოზის გაკეთება შეუძლიათ 50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებს აცრიდან 6 თვის შემდეგ.

სრულად აცრილ პირებს განსხვავებული ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ იმ შემთხვევაში თუ ამის საჭიროება არსებობს მოგზაურობისთვის. ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ წარადგინონ მიზნობრიობის ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი და დაგეგმონ რევაქცინაცია.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, განსხვავებული ვაქცინით აცრა მეორე ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგაა დასაშვები.

მსოფლიო კოვიდ-სტატისტიკის პორტალის 3 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად, ანუ ორჯერადად ვაქცინირებულია მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 25.49%.