ჯო ბაიდენი ატარებს მსოფლიოს ლიდერთა სამიტს დემოკრატიის მხარდასაჭერად

დღეს პირველი დღეა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მოწვეული სამიტისა დემოკრატიის მხარდასაჭერად. ონლაინ სამიტზე, რომელიც ისტორიაში პირველი ამგვარი ფორუმია, 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებმა მიიღეს მიწვევა. რუსეთი მათ შორის არ არის.

გარდა ამისა, სამიტში მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები - უფლებადამცველები, ჟურნალისტები, კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლები.

დემოკრატიული ქვეყნების ლიდერთა მოლაპარაკებებს ჯო ბაიდენი გახსნის თბილისის დროით 17 საათზე.

დღის წესრიგის სამი მთავარი საკითხია: მსოფლიოში ავტორიტარიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა. სამიტი ტარდება ბაიდენის საარჩევნო დაპირების ფარგლებში, რომ ის მთელ მსოფლიოში გააღრმავებს დემოკრატიას ავტორიტარული მთავრობების მომძლავრების ფონზე. ბაიდენის ადმინისტრაციის თანახმად, მსოფლიოს ლიდერებს შესთავაზებენ, გამოაცხადონ „კონკრეტული ზომები და ვალდებულებები მნიშვნელოვანი საშინაო რეფორმების“ სფეროში, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენაა მიმართული. როგორც იტყობინებიან, საქმე შეიძლება ეხებოდეს, მაგალითად, მონაწილე ქვეყნებში ამერიკული „მაგნიტსკის კანონის“ ანალოგიური სანქციების შემოღებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

მიწვეული ქვეყნების უმრავლესობას (77) შეადგენენ ქვეყნები, რომლებიც, ადამიანის უფლებების დამცველი ავტორიტეტიანი ორგანიზაცია Freedom House-ის კლასიფიკაციის მიხედვით, „თავისუფალ“ ან სრულად დემოკრატიულ კატეგორიას განეკუთვნებიან. მათში შედის ევროკავშირის უმრავლესობა. 31 ქვეყანა შედის „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში (მათ შორის არიან, მაგალითად, საქართველო და უკრაინა), 3 – „არათავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში. ზოგიერთი ქვეყნის მიწვევამ უფლებადამცველებს შეკითხვები გაუჩინა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ განაცხადა, რომ მიწვევა არ ნიშნავს აშშ-ის მხრიდან მოწონებას და პირიქით - თუკი ქვეყანა მიწვეული არ არის, ეს აუცილებლად არ მოასწავებს, რომ ვაშინგტონი მას ავტორიტარულად მიიჩნევს. მაგალითად, სამიტზე არ არიან მიწვეული ნატოს წევრი თურქეთისა და უნგრეთის ლიდერები, სამაგიეროდ მიწვეული არიან პაკისტანის, ფილიპინებისა და ბრაზილიის წარმომადგენლები.