აზერბაიჯანის ტყვეობიდან გამოხსნილ ხუთ სომეხ სამხედროს ბრალი წაუყენეს

4 დეკემბერს სომხეთში დაბრუნებული 10 ჯარისკაციდან ხუთს ბრალი წაუყენეს სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამხედრო მოვალეობის ან სამხედრო სამსახურის წესების დარღვევა, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია. ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანმა ვარდან ტადევოსიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა.

უწყებამ ტყვეობიდან დაბრუნებული ხუთი სამხედრო მოსამსახურის დაკავების შუამდგომლობები უკვე წარადგინა.

აზერბაიჯანის ტყვეობიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებულმა ნარეკ იერიმიანის ადვოკატმა კარმენ პოღოსიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა საგამოძიებო კომიტეტის მოთხოვნა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების შესახებ. მოელიან, რომ დღეს გადაწყვეტილება კიდევ ორი ბრალდებულის მიმართ გამოცხადდება.


მანამდე სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა, რომელმაც სოციალურ ქსელებში ფარულად გადაღებული ვიდეო გაავრცელა, აღნიშნა, რომ სამხედროებმა "იარაღი დაყარეს, გაიქცნენ და დაიკარგნენ, რის შედეგადაც ისინი ტყვედ აიყვანეს".

ამ განცხადების შემდეგ პატიმრებისა და დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აღშფოთდნენ, რომ სპიკერმა მათი ვაჟები დეზერტირებად და დამნაშავეებად სასამართლო პროცესისა და გამოძიების გარეშე გამოაცხადა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და აუცილებელია ტყვეობის თითოეული შემთხვევის გარემოებების გარკვევა.

"დადგა დრო, რომ სწორად გამოვიძიოთ ტყვეობის ყველა საქმე, რადგან, მაპატიეთ, მაგრამ სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ყველა ადამიანს აქვს მოვალეობები და უნდა დაკითხონ, რადგან ემოციების ფონზე შეიძლება შეცდომები დავუშვათ. გამოძიებული უნდა იქნეს, თუ რას ნიშნავს ტყვედ ჩავარდნა, რა ვითარებაში მოხდა?" - აღნიშნა ფაშინიანმა.