ევროკომისიამ ბლოკის წევრებს შესთავაზა, გაზის და ბირთვული ენერგიები „მწვანედ“ ჩაითვალოს

ფუტკარი მდგოვის პლანტაციაში ჩეხეთის ატომური სადგურის, ტემელინის მახლობლად. 2014 წელი.

ევროკომისიის წინადადებით, გარკვეულ ვითარებაში, გაზის და ბირთვული ენერგიები „მწვანე,“ ანუ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიებად შეიძლება ჩაითვალოს. დოკუმენტის პროექტი გაეგზავნათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს.

თუ ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ მიიღო წინადადება, ის 2023 წელს ძალაში შევა, როგორც ევროკავშირის კანონი.

Dpa წერს, რომ წინადადება წარდგენილია კავშირის ვადამდელი დაფინანსების ჩარჩოებში და მას მძაფრი დაპირისპირება მოჰყვება, რადგან ევროკავშირის წევრებს შორის ენერგომატარებლების ეკოლოგიურობის გარშემო დიდი აზრთა სხვადასხვაობაა.

საფრანგეთის ამ ინიციატივას, ეს ქვეყანა ბირთვულ ენერგეტიკაზეა დამოკიდებული, მძაფრ წინააღმდეგობას უწევენ ავსტრია და გერმანია.

31 დეკემბერს ბერლინმა დახურა ქვეყანაში მოქმედი ექვსი ატომური ელექტროსადგურიდან სამი. დანარჩენი სამის დახურვა იგეგმება მომავალი წლის ბოლომდე.

გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრმა, შტეფი ლემკემ, თქვა, რომ გაზის და ბირთვული ენერგიების "მწვანედ" მიჩნევა "შეცდომაა" და რომ ბირთვულ ენერგიას შეუძლია "მიგვიყვანოს გამანადგურებელ ეკოლოგიურ კატასტროფებამდე".

ავსტრიის გარემოს დაცვის მინისტრმა, ლეონორე გევესლერმაც გააკრიტიკა პროექტი და ბირთვულ ენერგიას უწოდა "წარსულის ენერგია," რომელიც "ძალიან ძვირი და ძალიან ნელი" გამოდგა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისთვის.

გაზის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ის ნახშირზე უფრო სუფთაა, ხოლო ბირთვულისა, რომ ის არ ზემოქმედებს ნახშირჟანგის აირის გამოყოფაზე.

წინადადების თანახმად, ელექტროსადგურები, რომლებიც ბუნებრივი აირით მუშაობენ, სათბურის აირის გამოყოფის მხრივ მკაცრად იქნებიან შეზღუდული, თუ ისინი 2030 წლის შემდეგ აიგება. ამავე დოკუმენტის თანახმად, ატომური პროექტები „მწვანედ“ იქნებიან მიჩნეული, თუ 2045 წლამდე მიიღებენ მშენებლობის უფლებას.

გაზის ელექტროსადგურების მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ „უფრო სუფთა“ არ ნიშნავს „სუფთას“, ხოლო ბირთვულ ენერგეტიკის ოპონენტების აზრით, აუცილებელია სახიფათო ნარჩენების უტილიზაცია - გადამუშავების პრობლემის მოგვარება და რომ ატომური სადგურები საფრთხეს წარმოადგენენ საშიში ავარიების შემთხვევაში.