თბილისში "ალილო" დაიწყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და მათი მრევლი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ შემდეგ კი ქალაქის სხვადასხვა ქუჩებისკენ ავტომანქანებით დაიძრნენ.
გასული წლის მსგავსად, წელსაც, "ალილო" ფეხით მსვლელობის გარეშე ტარდება. მიზეზად საპატრიარქო კორონავირუსის პანდემიას ასახელებს.
საპატრიარქოს განცხადებით, "ალილოს" დროს ტრადიციულად შეგროვდება ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი, რომელიც ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.
საქართველოს საპატრიარქოს თანახმად, „სამღვდელოება მოსახლეობას დალოცავს მანქანებიდან ნაკურთხი წყლის სხურებით და კმევითა და გალობით მიულოცავს შობას“.
ავტომანქანებით მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყო და 16:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დასრულდება. "ალილოს" შემდეგ სამადლობელო პარაკლისს გადაიხდიან.