აუქმებს თუ არა უფასო სასადილოებს თბილისის მერია

სოციალურად დაუცველი 40 ათასზე მეტი თბილისელი ყოველდღიური ცხელი სადილის ნაცვლად, კვირაში ორჯერ მიიღებს პურს და კერძების მოსამზადებლად საჭირო პროდუქტს - მერიის პროექტის დეტალები, რომელმაც შესაძლოა უფასო სასადილოების გაუქმება გამოიწვიოს, რადიო თავისუფლებამ ექსკლუზიურად შეისწავლა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ბაზარს იკვლევენ.

როგორ კვებავს თბილისის მერია სოციალურად დაუცველებს დღეს?

თბილისში 63 სასადილო დაახლოებით 40 ათასი ადამიანისთვის ყოველდღიურად გასცემს უფასო საკვებს.

პანდემიის დაწყებამდე, ვისაც სურდა, შეეძლო იქვე ესადილა.

სადილში შედის წვნიანი, ბოსტნეული, მთავარი კერძი. ყველა დღის მენიუ წინასწარ არის შედგენილი. ერთი ბენეფიციარის სადილზე (პროდუქტები, მომზადება, ტრანსპორტირება და სხვა ხარჯები) 2021 წელს თბილისის მერია დაახლოებით 1 ლარსა და 32 თეთრს ხარჯავდა. მთლიანობაში, შარშან უფასო სასადილოების პროექტი თბილისის ბიუჯეტს 20 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

რა შეიძლება შეიცვალოს?

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი ხდება, რომ თბილისის მერია უფასო სასადილოების ალტერნატიულ პროექტზე მუშაობს და ბენეფიციარებისთვის მზა კერძების ნაცვლად პროდუქტის დარიგების საკითხს განიხილავს.

რთიანი შესყიდვა?

იმ დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც რადიო თავისუფლებამ შეისწავლა, მერია, სავარაუდოდ, სასადილოების რაიონებად დაყოფილი ტენდერის ნაცვლად, ერთ დიდ შესყიდვას და ათეულობით მილიონის საბიუჯეტო შეკვეთის ერთი კომპანიისთვის გადაცემას გეგმავს.


„ტექნიკურ დავალებაში“ - დოკუმენტში, რომელიც ერთ-ერთია რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული საბუთებიდან, - წერია, რომ მერია იკვლევს ბაზარს და ეძებს კომპანიას ბენეფიციარების პროდუქტით მომარაგებისთვის.

დოკუმენტი იმ კომპანიებს დაეგზავნათ, რომლებიც წლებია უფასო სასადილოების ტენდერებში მონაწილეობენ. მერიამ ბაზრის კვლევა დაჩქარებული წესით, 2022 წლის 4 იანვარს, საახალწლო უქმეებისას დაიწყო და მასში მონაწილე კომპანიებს წინადადებების შესათავაზებლად 2-დღიანი ვადა მისცა.
„ტექნიკური დავალების“ მიხედვით, მერიას სჭირდება კომპანია, რომელსაც კვებითი მომსახურების სფეროში ბოლო 3 წელიწადში ჯამში ნახევარი მილიონი ლარის ბრუნვა ექნება და შეძლებს, კვირაში ორჯერ, თბილისის 10 რაიონში, 63 ადგილას მიაწოდოს 40 ათას ბენეფიციარს დაფასოებული და სათანადოდ შეფუთული საკვები პროდუქტი. დოკუმენტის მიხედვით, მერიას ეს მომსახურება 2022 წლის პირველი თებერვლიდან 31 დეკემბრამდე, მთელი წლით სჭირდება.

როგორ იცვლება საკვები

ახალი პროექტით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ყოველდღიური სადილის ნაცვლად კვირაში ორჯერ მიიღებენ საკვებ პროდუქტებს - პურს, მოშუშული ხორცის კონსერვს, ბურღულეულს, გარკვეულ ბოსტნეულს და ა.შ.

სოციალურად დაუცველებს თბილისში დღემდე მერიის უფასო სასადილოები ყოველდღიურად ასეთ სეზონურ მენიუს სთავაზობს:

მერიის ოფიციალური განმარტება

თბილისის მერიაში დაადასტურეს, რომ ალტერნატიულ მოდელზე მუშაობენ, თუმცა უარყვეს, რომ უფასო სასადილოების პროექტი პირველი თებერვლიდან გაუქმდება.

„თბილისის მერია პერიოდულად ატარებს ბაზრის კვლევებს. ამ შემთხვევაში ბაზრის კვლევა ტარდება უფასო სასადილოების კვების გაუმჯობესების მიზნით. მუშავდება ალტერნატიული პროექტი, რომელიც ჯერ მხოლოდ კვლევის სტადიაზეა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს არსებული ტენდერების გაუქმებას. ნებისმიერი სიახლის შესახებ თბილისის მერია წინასწარ მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას მერიაში.

რას აჩვენებს ბაზრის კვლევა? - პრობლემები ახალ პროექტში

რადიო თავისუფლება ესაუბრა უფასო სასადილოების ტენდერებში ჩართული კომპანიების იმ წარმომადგენლებს, ვისთანაც მერია „ბაზარს იკვლევს“ და რამდენიმე პრობლემა გამოკვეთა:

  • საკვების მომზადება - ბენეფიციარების გარკვეულ ნაწილს არ აქვს შესაბამისი პირობები კერძების მოსამზადებლად და ნაწილს დამატებით ტვირთად, გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადიც დაემატება.
  • პური - დღემდე თითო ბენეფიციარი ყოველდღე 250 გრამ პურს იღებს. ახალი პროექტით, კვირაში ორჯერ, ჯამში, 1800 გრამი პურია გათვალისწინებული, ანუ ბენეფიციარებს, კვირაში ორჯერ, სულ მცირე, 3 დღის დაძველების პური ექნებათ.
  • პროდუქტის დაფასოება - პროექტის ტექნიკური დავალების მიხედვით, თითოეული ბენეფიციარის კუთვნილი ულუფა უნდა იყოს ინდივიდუალურად დაფასოებული, რაც ხარჯებს გაზრდის. ამავე დროს, მაგალითად, ხორცის კონსერვის ქილა განაწილებისას უნდა გაიხსნას და თუ თერმულად მალევე არ დამუშავდა, შესაძლოა ბენეფიციარის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. რთული იქნება ბოსტნეულის ზუსტი წონით დაფასოებაც, თუ ისინი არ დაიჭრება, რაც ვადაზე ადრე ლპობას შეუწყობს ხელს.

თუმცა, ყველაზე დიდი პრობლემა და კორუფციული გარიგების საფრთხე, შესაძლოა, მომსახურების მხოლოდ ერთი კომპანიისთვის შეკვეთა გახდეს.

როგორ კომპანიას ეძებს მერია

იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც თბილისის უფასო სასადილოებს დღემდე ემსახურებიან, ბაზრის კვლევის დოკუმენტში რამდენიმე საეჭვო დეტალზე მიუთითებენ, რაც მათ აფიქრებინებს, რომ ახალი პროექტი კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული. მაგალითად, მერია ითხოვს პროდუქტებზე ფასების წარდგენას ისე, რომ არ არის მითითებული, მაგალითად, რა იგულისხმება ბურღულეულში, როცა ბურღულის 1 სახეობა 1 კგ ბაზარზე 2 ლარი ღირს, სხვა სახეობა კი - 4 ლარი. იგივე ეხება პარკოსნებსაც. არ არის დაკონკრეტებული არ ის, როგორი უნდა იყოს შეფუთვა - ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი თუ სპეციალური კონტეინერი? რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე კომპანიამ უარიც უთხრა მერიას ფასების წარდგენაზე, სანამ ეს და სხვა დეტალები არ იქნება გაწერილი მერიის მოთხოვნაში.


კომპანიების ნაწილი ეჭვობს, რომ ეს პროექტი მერიას რომელიმე ქსელური ბრენდისთვის, მაგალითად, „ორი ნაბიჯის“ ან „სპარისთვის“ აქვს შედგენილი. ამ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ. პროექტში ჩართვაში, თუ მერიამ შესყიდვა გამოაცხადა, ეს მათ ხელს არ შეუშლის.

რა ბედი ელის მიმდინარე ტენდერებს

4 იანვრამდე, ვიდრე მერია ახალი პროექტისთვის ბაზრის კვლევას გადაწყვეტდა, თბილისის გამგეობებს უკვე გამოცხადებული ჰქონდათ 2022 წელს სასადილოების მომსახურების შესყიდვის ტენდერები. წელს თბილისის ბიუჯეტში, ჯამში, სასადილოებზე 26 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, 1 ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხაც შესაძლოა 1.70 თეთრამდე გაიზარდოს.

გამგეობებმა ტენდერები გასული წლის დეკემბერში გამოაცხადეს და, წესით, იანვრის ბოლომდე უნდა გაირკვეს, რომელ რაიონში რომელი კომპანია მოიპოვებს ბენეფიციარების გამოკვების უფლებას.


თბილისში მომუშავე რამდენიმე კომპანია ამ ტენდერებში მონაწილეობისთვის ემზადება, მათ საბუთების შესატანად ვადა 21 იანვრამდე აქვთ, თუმცა მერიიდან მიღებულმა „ბაზრის კვლევის ტექნიკურმა დოკუმენტმა“ კომპანიების ხელმძღვანელები დააბნია და ახლა მერიაში ცდილობენ გარკვევას, შეწყდება გამოცხადებული ტენდერები და მერია ახალ პროექტზე გადავა თუ უფასო სასადილოები წელსაც ჩვეულებრივად იმუშავებს. ამ დროისთვის ტენდერები ისევ აქტიურია.